ფეხბურთი

21:05 | 13.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედიის შეფასება კვარაცხელიაზე: "ბოლოს გააქტიურდა, მაგრამ მისგან მეტია მოსალოდნელი"

იტალიურმა მედიამ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში „სალერნიტანას“ წინააღმდეგ საშუალო ქულებით შეაფასა. „ნაპოლიმ“ უმძიმეს ბრძოლაში 2:1 მოიგო, ხოლო ხვიჩას ორჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ ვერ მოახერხა.

Calciomercato 6 ქულა: „გოლი დააკლდა, მაგრამ ცდილობდა გუნდს წინ გაძღოლოდა, იმის მიუხედავად, რომ ამისთვის მთელ მოედანზე სირბილი უწევდა. გიჟურ გოლთან ახლოს იყო მატჩის ბოლოს, როცა სალერნოელთა მთელი დაცვა მოატყუა“.

Eurosport 6 ქულა: „თუ ის ვერ ბრწყინავს, რთულია. ქართველმა ეს მატჩის მიწურულს გააკეთა, ორჯერ მოიგონა საგოლე მომენტი, მაგრამ ორჯერვე მცირე დეტალი დააკლდა გოლამდე“.

Tuttomercatoweb 5.5 ქულა: „თავიდან მარცხენა ფლანგზე დაიწყო, თავის საყვარელ პოზიციაზე, მაგრამ სამბიას წინააღმდეგ სივრცეების პოვნა გაუჭირდა. მეორე ტაიმში უფრო ცენტრში მოქმედებდა, კონკრეტული პოზიციის გარეშე, მაგრამ თითქოს ჩაკარგული იყო. თამაშის ბოლოს გამოიღვიძა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი“.

Tuttonapoli 6 ქულა: „სივრცეების პოვნა გაუჭირდა, რომელსაც სამბია უზღუდავდა. მეორე ტაიმში გაუმჯობესდა და ერთადერთი იყო, ვინც ცდილობდა. შესანიშნავი თამაშით ახლოს იყო გოლთან, მაგრამ მისგან უფრო მეტია მოსალოდნელი, როგორც მატჩის ბოლოს საგოლე მომენტის ეპიზოდში“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 26 მატჩში 5 გოლი, 4 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში. „ნაპოლი“ ამ დროისთვის 31 ქულით მეექვსე ადგილზეა, 18 იანვარს კი, იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ფიორენტინას“ შეხვდება. კვარაცხელია 28 იანვარს, სერია A-ს უახლოეს მატჩს „ლაციოსთან“ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

0.117836