„ნაპოლი“ მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კიდევ ერთ ფეხბურთელს დაიმატებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ბორნმუთის“ შემტევი ნახევარმცველი ჰამედ ტრაორე სულ მალე იტალიური კლუბის წევრი გახდება.
მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას სეზონის ბოლომდე იჯარაზე, ხოლო ზაფხულში „ნაპოლის“ 23 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვა 25 მილიონ ევროდ შეეძლება. მომდევნო კვირის დასაწყისში კოტ დივუარელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
ტრაორე 2022 წლიდან „ბორნმუთში“ ირიცხებოდა, მაგრამ მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ის იტალიას კარგად იცნობს, რადგან მანამდე „ემპოლის“ (43 მატჩი, 2 გოლი) და „სასუოლოს“ (111 მატჩი, 18 გოლი) ღირსებას იცავდა. ჰამედ ჟუნიორ ტრაორე ნაპოლის მეორე ახალწვეული იქნება პასკუალე მაძოკის შემდეგ.