ვიქტორ ოსიმენის შემდეგ მამუკა ჯუღელს მისმა აგენტმა, რობერტო კალენდამ უპასუხა. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ ჯუღელის უსაფუძვლო განცხადება მძიმე და მიუღებელია.
„ყველამ საკუთარ საქმეს უნდა მიხედოს და პატივი სცეს სხვის შრომას. არ არის სწორი იმ ფეხბურთელების მომავალზე საუბარი, რომლებსაც არ წარმოადგენ. ამით წარმოიქმნება პრობლემები და გაუგებრობები, ასევე ცუდი პროგნოზები. მამუკა ჯუღელის სავარაუდო განცხადებები არის მძიმე, ზედაპირული და მიუღებელი. ეს ჩრდილს აყენებს ჩემს კლიენტს, ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლის“ გულშემატკივრების წინაშე ყოველგვარი მიზეზისა და რეალობის გარეშე. ჩვენ ახლახან გავახანგრძლივეთ კონტრაქტი და ვიქტორის ერთადერთი სურვილი აფრიკის თასის გარდა, „ნაპოლის“ დახმარებაა. ყველაფერი დანარჩენი სიბინძურეა“, - დაწერა სოციალურ ქსელში კალენდამ.
ოსიმენის და მისი აგენტის განცხადებები კი, ჯუღელის ინტერვიუს მოჰყვა, რომელიც პირველ არხს მისცა და იქ ნიგერიელზე ილაპარაკა:
„ოსიმენმა ახალი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ რა გგონიათ, მთელ კარიერას მართლა „ნაპოლიში“ გაატარებს? მომდევნო ზაფხულს ის საუდის არაბეთში წავა. ხვიჩა კი, იქ გადასვლას 1 მილიარდადაც არ დათანხმდება, მას სხვა მიზნები აქვს, მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“, - თქვა ჯუღელმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ვიქტორ ოსიმენმა გამოაქვეყნა პოსტი და მამუკა ჯუღელს იდიოტი და სამარცხვინო უწოდა.