ფეხბურთი

0:36 | 9.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

შარშანდელთან შედარებით "ნაპოლის" 22 ქულით ნაკლები და უარესი შედეგები, ვიდრე გარსიას პერიოდში

„ნაპოლი“ შარშან იტალიის ჩემპიონი 33-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა, თანაც დომინანტური ფეხბურთით, მაგრამ ეს სილამაზე დიდხანს არ გაგრძელდა.

მიმდინარე სეზონი უმძიმესია და ვალტერ მაძარიმაც სიტუაცია ვერ გააუმჯობესა, უფრო მეტიც - გაუარესდა.

მაძარის ხელმძღვანელობით „ნაპოლიმ“ უკვე 10 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 3 მოიგო, ერთხელ ფრე ითამაშა და ექვსჯერ წააგო, ხოლო ბოლო ოთხ თამაშში გოლიც არ გაუტანია. რუდი გარსიას გაცილებით უკეთესი შედეგები ჰქონდა.

გარსიას დროს „ნაპოლი“ საშუალოდ 1.7 ქულას აგროვებდა, მაძარის დროს - მხოლოდ 1 ქულას. ფრანგს უკეთესი შედეგი ჰქონდა საშუალოდ გოლებითაც (2), იტალიელის დროს, „ნაპოლის“ თამაშში საშუალოდ 0.5 გოლი გააქვს. მაძარის სასარგებლოდ მხოლოდ გაშვებული გოლების რაოდენობა მეტყველებს - 1.5 მატჩში, 1.8-ის წინააღმდეგ.

გასული სეზონი რომ ავიღოთ და გავიხსენოთ, რა შედეგები ჰქონდა „ნაპოლის“ სერია A-ში პირველი წრის დასრულების, ანუ, მე-19 ტურის შემდეგ და რა შედეგები აქვს ახლა, სხვაობა კატასტროფულია.

შარშანდელთან შედარებით „ნაპოლის“ 19 ტურის თავზე 22 ქულით ნაკლები აქვს მოპოვებული, 8 მატჩით ნაკლები მოიგო, 6 მატჩით მეტი წააგო, 18 გოლით ნაკლები გაიტანა და 10 გოლით მეტი გაუშვა.

ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკაც გაუარესებულია. მხოლოდ სერია A რომ ავიღოთ, წინა სეზონში პირველი წრის მერე ხვიჩას 15 მატჩში 7 გოლი ჰქონდა გატანილი, 7 საგოლე პასთან და 2 მოპოვებულ პენალტთან ერთად. მიმდინარე სეზონში ქართველის მონაგარი 18 მატჩში 5 გოლი, 3 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტია.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში 28 ქულით მხოლოდ მეცხრე ადგილზეა, იტალიის თასს უკვე გამოეთიშა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბარსელონას“ შეხვდება. უახლოეს მატჩს ვალტერ მაძარის გუნდი 13 იანვარს, შინ „სალერნიტანასთან“ ჩაატარებს.

0.117453