კალათბურთი

11:14 | 7.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"სარაგოსას" მწვრთნელი: "ანდრონიკაშვილმა ისეთი თვალებით შემომხედა, ლამის ცრემლები წამომივიდა"

რატი ანდრონიკაშვილმა „სარაგოსაში“ სადებიუტო მატჩი ჩაატარა, მაგრამ ტრავმა მიიღო, რომელიც შეიძლება სერიოზული გამოდგეს.

ქართველმა პარკეტზე ოთხ წუთზე ოდნავ მეტი გაატარა და შემდეგ მოედნის დატოვება მოუწია. არაგონელთა მთავარმა მწვრთნელმა პორფირიო ფისაკმა რატის დაზიანებაზე კომენტარი გააკეთა:

„როდესაც ის მოედნიდან გადიოდა, ისეთი თვალებით შემომხედა, კინაღამ ცრემლები წამომივიდა. ზუსტი დიაგნოზი 48 საათში გვეცოდინება“, - აღნიშნა მან.

რატიზე ისაუბრა თად მაკფადენმაც, რომელიც „ჟირონასთან“ შეხვედრაში საუკეთესო იყო: „გამარჯვება კარგია და ბედნიერი ვარ ამის გამო, მაგრამ ახლა ჩემი საზრუნავი ჩემს ბიჭს უკავშირდება. მალე გამოჯანმრთელდი ძმაო და ერთად დავუბრუნდეთ თამაშს, რაც შეიძლება მალე“.

შეგახსენებთ, რომ რატი ანდრონიკაშვილი „სარაგოსაში“ რამდენიმე დღის წინ გადავიდა, მანამდე ის საქართველოში, თსუ-ს რიგებში ირჯებოდა.

0.067854