გიორგი მიქაუტაძემ „მეცში“ დაბრუნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც ქართველმა ფორვარდმა აღნიშნა, ფანების სიყვარული მისთვის ბევრს ნიშნავს და ერთი სული აქვს მათ წინაშე მოედანზე გავიდეს.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ დავბრუნდი. როცა „აიაქსში“ წავედი, ბევრი მესიჯი მივიღე და კიდევ უფრო ბევრი მივიღე ბოლო დღეებში. მინდოდა ყველასთვის მადლობა გადამეხადა, რადგან მთელი ეს სიყვარული ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისევ „მეცის“ ფერებით ვითამაშებ და მოუთმენლად ველოდები მოედანზე ისევ ამ მაისურით, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გასვლას“, - თქვა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში გიორგი მიქაუტაძემ „მეცის“ მაისურით ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში სამ შეხვედრაში 2 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. ამის შემდეგ ის „აიაქსში“ 16 მილიონ ევროდ გადავიდა, სადაც 9 უგოლო შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ სამჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.
„მეცმა“ ლიგა 1-ში ბოლო ოთხი თამაში წააგო და პირველი წრის დასრულების შემდეგ 16 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას კი მხოლოდ 2 ქულა აშორებს. ლაშლო ბოლონის გუნდს უახლოესი მატჩები 5 იანვარს საფრანგეთის თასზე „კლერმონთან“, ხოლო ლიგა 1-ში 14 იანვარს, „ტულუზთან“ ელოდება.