კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მის კარიერაში მადრიდის „რეალი“ ბოლო კლუბია. იტალიელმა აღნიშნა, რომ არ იცის, როდემდე იმუშავებს, მაგრამ სხვა გუნდში დასაქმებაც არ აპირებს.
ანჩელოტიმ დაადასტურა ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციასთან მოლაპარაკებები, თუმცა, ბედნიერია, რომ „სამეფო კლუბში“ დარჩა.
„ბედნიერი ვარ „რეალთან“ კონტრაქტის განახლებით, ეს იყო მარტივი და სწრაფი გადაწყვეტილება. არ ვჩქარობდი, მაგრამ ჩემთვის სასიამოვნო იყო კლუბის ნდობა. შემიძლია დავადასტურო, რომ ეს ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ბოლო გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, როდის დავასრულებ. შეიძლება 2026 წლის შემდეგაც აქ ვიყო, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი წარმატებები გვექნება. მომწონს მადრიდი, 2027 და 2028 წლებშიც აქ დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი.
მე მქონდა კონტაქტი ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ყოფილ პრეზიდენტთან, მინდა, მათ მადლობა გადავუხადო ინტერესისთვის. ეს იყო სიამაყის საფუძველი, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, ყველაფერი დამოკიდებული იქნებოდა „რეალში“ ჩემს მდგომარეობაზე. ყველაფერი ისე წავიდა, როგორც წავიდა, გუნდში დამტოვეს.
ფლორენტინო პერესი არ შეცვლილა, მისი მთავარი საფიქრალი „რეალის“ სიყვარულია. მას ძალიან მკაფიო იდეები აქვს და კლუბს კარგი მომავალი აქვს“, - თქვა ანჩელოტიმ.