„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა „მონცასთან“ მატჩის (0:0) შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მან გააკრიტიკა მსაჯები, ხოლო მისი გუნდის ცუდ შედეგებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.
„ყველაფერი, რაც აქამდე მოხდა, მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობაა. დამნაშავე არ არიან ფეხბურთელები ან მწვრთნელები, მე ვიღებ მთელ პასუხისმგებლობას. ბოდიში ნეაპოლელებს და გულშემატკივრებს იმ სატურნირო მდგომარეობისთვის, რომელიც გვაქვს. მაგრამ სეზონი გრძელია და სიტუაციის გამოსწორებას სატრანსფერო ბაზარზე ვეცდებით. არ მინდა ისტორიებით თავი შეგაწყინოთ, მაგრამ სუპერთასის შემდეგ საუდის არაბეთიდან როცა დავბრუნდები, 24-25 იანვარს ჩემს შეხედულებას გეტყვით. ყველამ უნდა თქვას თავისი აზრი, მაგრამ მხოლოდ მათ იციან სიმართლე, ვინც შიდა სამზარეულოში ჩახედულია. აი, ეს მინდოდა მეთქვა.
ასევე მინდა ვთხოვო ფედერაციის პრეზიდენტ გრავინას და სამსაჯო კორპუსის ხელმძღვანელ როკის, რომ ცადონ დაიცვან იტალიური ფეხბურთის სამართლიანობა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, სანახაობრიობას მხარი დაუჭირონ. ყვითელ ბარათებს სამართლიანად არ აჩვენებენ, არ მინდა, მხოლოდ „ნაპოლის“ წინააღმდეგ მსაჯობაზე ვისაუბრო, რადგან სხვებიც დაზარალდნენ. არ შეიძლება მსაჯმა ორივე მწვრთნელი გააძევოს, ეს არ არის ფეხბურთი, ბარათები სამართლიანად უნდა განაწილდეს. როგორც ჩანს, ამდენი სირბილის შემდეგ ტვინში ჟანგბადი არ აღწევს და დროა, მსაჯების ცვლილებაც შეიძლებოდეს, როგორც ამას ვაკეთებთ ფეხბურთელებთან მიმართებაში“, - თქვა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 28 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მაგრამ შეიძლება ტურის დასრულების მერე მერვე პოზიციაზეც იყოს. ვალტერ მაძარის გუნდი მომდევნო ტურში 7 იანვარს, სტუმრად „ტორინოს“ დაუპირისპირდება. სხვათა შორის, "აძურის" ბოლო სამ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია.