ფეხბურთი

1:00 | 30.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაძარი: "თითქოს რაგბის ეთამაშებიან, კვარაცხელიაც ამით იღლება და რეაგირებს"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ „მონცასთან“ მატჩის (0:0) შემდეგ ისაუბრა ტელეკომპანია DAZN-თან და ძალიან გაბრაზებული იყო. კონკრეტულად, მსაჯებზე, რადგან როგორც მან თქვა, ხვიჩა კვარაცხელიას რაგბის ეთამაშებიან, მაგრამ მსაჯები არავის აფრთხილებენ.

„მოდი, მატჩზე ვისაუბროთ და არა მთელ სეზონზე, რომელშიც ყოველთვის მე არ ვყოფილვარ მწვრთნელი. დღეს 6 საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ ბურთი კარში არ შევიდა. ამაზე ვისაუბროთ! ვისაუბროთ კვარას წინააღმდეგ თამაშზე, ჩემს წითელ ბარათზე, ახლავე დავიწყოთ რაღაცებზე ლაპარაკი. მეტოქეების მხრიდან მუდმივი პროვოკაციაა, მე ვხედავ ისეთ რაღაცებს, რასაც VAR-ი ვერ ხედავს, აჩვენეთ სურათები, სადაც ოსიმენს და კვარას მუდმივად ბინძურად ეთამაშებიან და არავის აფრთხილებენ. ვაჩვენოთ ეს ყველაფერი, რადგან ქულებს ამის გამოც ვკარგავთ, არა მარტო ჩვენი ნაკლით. რატომ არ ვსაუბრობთ დღევანდელ მატჩში რა მოხდა?

ანგისამ, კვარამ და გაეტანომ ძალიან ახლო მანძილიდან ვერ გაიტანეს, ყველაფერთან ერთად არ გვიმართლებს, ეს ჩვენი მომენტი არ არის. უნდა შევხედოთ რამდენი მომენტი შევქმენით და რამდენი გვქონდა ბურთის ფლობა. კვარას ნახევარი საათი ეუხეშებოდნენ და არავინ გააფრთხილეს, სამაგიეროდ, მე გამაძევეს.

კვარა ახალ პოზიციაზე? სამდღიანი ვარჯიშის შემდეგ ვცადეთ ეს გამოსავალი, რადგან კვარას ამ პოზიციიდან ბევრი მომენტის შექმნა შეუძლია და ვფიქრობ, კარგად ითამაშა, ჰქონდა საგოლე მომენტიც, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გაიტანა. ის მარწუხებშია და მუდმივად ორი მეტოქე ეთამაშება, ამიტომ ვცდილობთ, რაღაც განსხვავებული გავაკეთოთ, ვცდილობ გავათავისუფლო წარმოუდგენელი მარწუხებისგან და მჯერა, რომ ის მალე ამით შედეგს მიიღებს, მაგრამ კარგი იქნება, მსაჯებიც თუ უფრო ყურადღებით იქნებიან, თითქოს, მას რაგბის ეთამაშებიან.

უსამართლოდ გამაძევეს, მივედი მსაჯთან, რომ მეთქვა: „ხედავ ბიჭს თამაშის უფლებას აღარ აძლევენ, ორი ყვითელი ბარათია!“ ვხედავ რაღაცებს, რასაც ტექნოლოგიები ვერ ხედავენ, გარდა ამისა, გასაგებია, რომ ამ ყველაფრით კვარაც იღლება და რეაგირებს“, - თქვა მაძარიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და ორჯერაც პენალტი გამოიმუშავა. „ნაპოლი“ 28 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მაგრამ შეიძლება ტურის დასრულების მერე მერვე პოზიციაზეც იყოს. ვალტერ მაძარის გუნდი მომდევნო ტურში 7 იანვარს, სტუმრად „ტორინოს“ დაუპირისპირდება. სხვათა შორის, "აძურის" ბოლო სამ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია.

0.115963