„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ „მონცასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისმა გუნდმა თავდაჯერება უნდა დაიბრუნოს და შეცდომები უნდა შეამციროს.
„ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია და ბალანსით უნდა ვითამაშოთ. არ შეიძლება უყურადღებოდ ვიმოქმედოთ, გვჭირდება ძველი თავდაჯერების დაბრუნება, რომელიც ამ გუნდს გასულ სეზონში ჰქონდა. ბედნიერი ვარ, რომ სტადიონი სავსე იქნება, რადგან გულშემატკივარი რთულ მომენტშიც გვეხმარება.
ტრანსფერები იანვარში? ზამთარში რევოლუცია არ ხდება, მირჩევნია ტრანსფერებზე კლუბმა ისაუბროს, მე მსურს, რომ დავეხმარო ფეხბურთელებს, რათა შარშანდელი თავდაჯერება დაიბრუნონ. ახლა მხოლოდ „მონცაზე“ ვარ კონცენტრირებული, არ მიყვარს გრძელვადიან პერსპექტივაზე საუბარი. მთავარია, ხვალ დადებით შედეგს მიაღწიოთ. „მონცა“ კარგ ფეხბურთს თამაშობს, შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს და იცის, როგორ შეუქმნას ნებისმიერ მეტოქეს პრობლემები. ეს მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ახლა რთულ სიტუაციაში ვართ, რადგან საკადრო პრობლემებიც გვაქვს. ნათანი თვე-ნახევარი მაინც ვერ ითამაშებს. ვფიქრობ, გუნდში ჩემი მოსვლის შემდეგ 2-3 ქულით მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ სამწუხაროდ, შეცდომები დაკარგული ქულების ფასად დაგვიჯდა.
რასპადორი და სიმეონე ერთად? სიმართლე გითხრათ, ორივე მომწონს, მაგრამ რთულია ორივე ძირითადში იყოს, რადგან ეს გამოიწვევს მრავალი მექანიზმის შეცვლას. გარდა ამისა, სათადარიგო სკამზეც მჭირდება თავდამსხმელი, რადგან რომელიმე რომ დაიღალოს, ვინ შევიყვანო? უფრო დიდი შანსია ერთ-ერთმა ძირითადში ითამაშოს, მეორემ - შეცვლაზე.
ხშირად ვახერხებთ მეტოქის საჯარიმოში შესვლას, მაგრამ დასრულების ფაზაში პრობლემა გვაქვს. ხანდახან მცირე იღბალიც საკმარისია იმისთვის, რომ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს და ეს იღბალი ამ მომენტში გვაკლია“, - თქვა მაძარიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მონცას“ მატჩი 29 დეკემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება.