ფეხბურთი

1:42 | 24.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

კვარამ მოურინიოსთან იჩხუბა, ოსიმენი გააძევეს, "ნაპოლი" მე-7 ადგილზე ჩამოქვეითდა

„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ „რომასთანაც“ წააგო და უკვე მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

ვალტერ მაძარის გუნდი „სტადიო ოლიმპიკოზე“ პრაქტიკულად უშანსოდ იყო, რადგან ძნელი გასახსენებელია იტალიის მოქმედი ჩემპიონისგან რეალური საგოლე მომენტი. პირველ ტაიმში ედოარდო ბოვე ორჯერ ახლოს იყო გოლთან. ჯერ შორი მანძილიდან ხარიხა შეაზანზარა, შემდეგ ახლო მანძილიდან ალექს მერეტმა აჯობა.

38-ე წუთზე ჟოზე მოურინიომ და ხვიჩა კვარაცხელიამ იკამათეს, ქართველის წინააღმდეგ ბრაიან კრისტანტემ უხეშობისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, რასაც ჟოზეს პროტესტი მოჰყვა და ისიც გააფრთხილეს. გაბრაზებულმა მოურინიომ კვარას დაუყვირა - საკმარისია! შემდეგ შეკამათდნენ, მაგრამ მალევე შერიგდნენ.

მეორე ტაიმში „ნაპოლი“ კიდევ უფრო მძიმე იყო. 66-ე წუთზე არასპორტული მოქმედებისთვის მატეო პოლიტანო გააძევეს, 10 წუთის მერე კი „ჯალოროსიმ“ ლორენცო პელეგრინის ულამაზესი გოლით წინ გასვლა მოახერხა. თუმცა, ნეაპოლელთა კოშმარი ამით არ დასრულებულა, რადგან 88-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენიც გააძევეს და მაძარის გუნდმა თამაში 9 ფეხბურთელით დაასრულა. ბოლო წუთზე რომელუ ლუკაკუმაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

ხვიჩა კვარაცხელია 87-ე წუთზე შეცვალეს. მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 22 მატჩში 5 გოლი, 4 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს ანგარიშზე.

„ნაპოლი“ 27 ქულით მეშვიდე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას უკვე 4 ქულით ჩამორჩა, მომდევნო ტურში კი პოლიტანოსა და ოსიმენის გარეშე 29 დეკემბერს, „მონცას“ უმასპინძლებს.

„რომა“ – „ნაპოლი“ 2:0 (0:0)

გოლი: 1:0 პელეგრინი (76), 2:0 ლუკაკუ (90)

0.1064