ფეხბურთი

23:25 | 23.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალი“ პრემიერლიგის ლიდერად დარჩა

პრემიერლიგის მე-18 ტურის შაბათის სათამაშო დღის მთავარ მატჩში, „ლივერპულმა“ „ენფილდზე“ „არსენალს“ უმასპინძლა და გალიდერების შანსი დაკარგა. თამაში 1:1 დასრულდა, რომელიც „მეთოფეებს“ კვლავ პირველ ადილზე ტოვებს.

საკუთრივ თამაში ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. „ლივერპული“ ტრადიციულად ბევრს უტევდა, უამრავი მომენტი შექმნა, ტრენტ ალექსადერ-არნოლდმა ხარიხასაც მოარტყა ბურთი მაგრამ, საბოლოოდ არაფერი გამოუვიდათ.

სტუმრებმა დებიუტშივე გახსნეს ანგარიში. მე-4 წუთზე გაბრიელმა გაიტანა. ნახევარი საათის თავზე მო სალაჰმა თავისი საფირმო დატყმით გაათანაბრა.

იშვიათია ამის ნახვა, რაც რამდენიმე წუთში მოხდა. ძალიან მძიმე შეჯახება ფლანგზე ციმიკასს და საკას შორის. საკა სივრცეს ბლოკავდა, ბერძენი ებრძოდა და კონტაქტისას მინდორს გარეთ გაფრინდა, იქვე მყოფ იურგენ კლოპსაც დაეჯახა და წააქცია. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ „ლივერპულის“ მცველი უფრო მეტად განიცდიდა მხრის ტრავმას. მოგეხსენებათ, „წითლების“ ნომინალური მარცხენა მცველი, ენდრიუ რობერტსონი კარგა ხანია დაშვებულია. ახლა ციმიკასიც...

ბერძენის მაგიერ მინდორზე ჯო გომესი გავიდა და მისთვის უჩვეულო მარცხენა პოზიციაზე დადგა. უჩვეულო იყო, მაგრამ ასეთი კარგი მატჩი გომესს დიდი ხანია აღარ ჩაუტარებია.

საბოლოოდ - 1:1 და 40 ქულით „არსენალი“ კვლავ ლიდერია. 39-ქულიანი „ლივერპული“ ცხრილში მეორეა, თუმცა ამდენივექულიან „ასტონ ვილას“ მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლების წყალობით უსწრებს.

ინგლისი. პრემიერლიგა. მე-18 ტური. 23 დეკემბერი: ვესტ ჰემი - მანჩესტერ იუნაიტედი 2:0, ლუთონი - ნიუკასლი 1:0, ნოტინგემ ფორესტი - ბორნმუთი 2:3, ტოტენჰემი - ევერტონი 2:1, ფულემი - ბარნლი 0:2, ლივერპული - არსენალი 1:1.

0.116989