„ნაპოლიში“ ვალტერ მაძარიმ რუდი გარსია ცოტა ხნის წინ შეცვალა, მაგრამ ის სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს. პრაქტიკულად თავიდანვე ცნობილი იყო, რომ 62 წლის სპეციალისტი აურელიო დე ლაურენტისმა დროებით დანიშნა.
შესაბამისად, უკვე ნეაპოლური მედია წერს ვარიანტებზე, თუ ვინ შეიძლება შეცვალოს მაძარი ზაფხულში. Radio Kiss Kiss-ის ინფორმაციით, ამჟამად ოთხი მწვრთნელი განიხილება.
მთავარი ფავორიტი ტიაგო მოტაა, რომელიც აურელიო დე ლაურენტისს ძალიან მოსწონს, მაგრამ „ბოლონიას“ მწვრთნელს სხვა გუნდებსაც უკავშირებენ. მოტას გარდა, დე ლაურენტისის სიაში არიან „მონცას“ თავკაცი რაფაელე პალადინო, „ნიცას“ მწვრთნელი ფრანჩესკო ფარიოლი და „ფიორენტინას“ დამრიგებელი ვინჩენცო იტალიანო.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ კრიზისიდან ვალტერ მაძარიმ ჯერჯერობით ვერ გამოიყვანა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 7 მატჩიდან 3 მოიგო, ოთხჯერ კი მარცხი განიცადა.