ფეხბურთი

17:50 | 20.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზვიად ნაჭყებია ჩეხეთის ჩემპიონატში გადავიდა

„სამტრედიას“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ზვიად ნაჭყებია კარიერას „ზლინში“ გააგრძელებს. ჩეხურმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა, მხარეებს შორის კი 2.5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

„ის კარგად დაგვიხასიათეს. რამდენიმე მატჩი ვიდეოზე ვნახეთ და ძალიან მოგვეწონა. ის დაბალია, მაგრამ ტექნიკური და დინამიური მოთამაშეა, შეუძლია, როგორც ფლანგზე, ისე ცენტრში მოქმედება, გოლების გატანა და საგოლე პასების გაკეთება. შრომისმოყვარეა და სწორედ ასეთ ფეხბურთელს ვეძებდით“, - თქვა „ზლინის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრონისლავ ჩერვენკამ.

„ზლინში“ გადასვლა ჩემთვის დიდი გამოწვევაა, ჩემს კარიერაში წინსვლაში დამეხმარება. ჩეხეთის ჩემპიონატში კარგი დონეა, აქ ცუდი გუნდები არ არიან. ვიცი, რისი გაკეთება შემიძლია და ამიტომ, აქ დიდი მიზნებით მოვედი. მინდა წარმოვაჩინო ჩემი შესაძლებლობები და გუნდს დავეხმარო. ჩეხეთში აქამდე არასდროს ვყოფილვარ, მომეწონა აქაურობა, ქალაქი, კლუბი, ყველაფერი იდეალურია. მთავარმა მწვრთნელმა ჩერვენკამ და სპორტულმა დირექტორმა ზდენეკ გრიგერამ ძალიან კარგად მიმიღეს. თანაგუნდელებთან ჯერ არ მისაუბრია, მოუთმენლად ველოდები მათ გაცნობას და მათთან ერთად მუშაობის დაწყებას. ჭანტურიშვილის შესახებ რა თქმა უნდა ვიცი, მაგრამ პირადად არ ვიცნობ“, - თქვა ნაჭყებიამ.

24 წლის ფეხბურთელი „ზლინში“ 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მან „სამტრედიას“ რიგებში გასულ სეზონში 33 მატჩში 8 გოლი გაიტანა, მანამდე კი „ვიტ ჯორჯიაში“ თამაშობდა.

„ზლინში“ ბოლოს ქართველებიდან ვახტანგ ჭანტურიშვილი თამაშობდა, რომელიც ახლა „იაბლონეცში“ ირიცხება. ჩეხური გუნდი ჩემპიონატში 18 მატჩში მოპოვებული 14 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა, პარალელურად კი ჩეხეთის თასის მეოთხედფინალშია გასული.

0.113566