იტალიის თასის მერვედფინალში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ფროზინონესთან“ განადგურდა (0:4) და ასპარეზობას გამოეთიშა.
სამარცხვინო წაგების მერე კი, იტალიაში აურელიო დე ლაურენტისის ოთხი წლისწინანდელი განცხადება გაიხსენეს, რომელშიც ის „ფროზინონეს“ აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ ამ გუნდს სერია A-ში არაფერი ესაქმებოდა...
„რას აკეთებს ფროზინონე სერია A-ში? ის არ იზიდავს მაყურებელს, არც ინტერესს, არც სატელევიზიო მაუწყებლებს. ამოდის სერია A-ში, ვერ ახერხებს კონკურენტუნარიანობას და უკან ბრუნდება. თუ ვერ შეძლებენ კონკურენტუნარიანობას, თუ ბოლო ადგილზე გავლენ, ჯარიმა უნდა გადაიხადონ და ფული არ უნდა მიიღონ“, - ამბობდა დე ლაურენტისი 2019 წელს New York Times-თან ინტერვიუში.
„ნაპოლის“ პრეზიდენტს ახლა ეს კომენტარი წინ დაუხვდა და იტალიაში დაცინვის ობიექტიც გახდა...