ფეხბურთი

11:00 | 20.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაძარი: "გუნდის ლიდერების გამოსვლის მერე ჩვენი თამაში გაუარესდა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ იტალიის თასის მერვედფინალში „ფროზინონესთან“ მატჩის (0:4) შემდეგ ისაუბრა. მან გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა და იმედოვნებს, რომ ეს მარცხი გაკვეთილი იქნება.

„პირველ რიგში, მინდა გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო, ისინი არ იმსახურებდნენ ამას და დღესაც ბოლომდე გვამხნევებდნენ. ხვალ გუნდში ყველამ ერთმანეთს უნდა შევხედოთ და ვიფიქროთ ამ ცუდ თამაშზე. აშკარა შეცდომები დავუშვით. ფეხბურთში წაგება შეიძლება, მაგრამ არა ასე. საკუთარ თავს შეკითხვები უნდა დავუსვათ და სასწრაფოდ შევცვალოთ დამოკიდებულება. შეიძლება გოლი კუთხურიდან გაუშვა, როგორც გავუშვით, ან შეცდომით, რაც მოხდა მეორე გოლზე, მაგრამ რაც ბოლო წუთებში ხდებოდა, დაუშვებელია, არ უნდა ხდებოდეს. ეს მარცხი მომავლისთვის გაკვეთილი უნდა იყოს.

სიმართლე გითხრათ, სანამ შეცვლებს არ გავაკეთებდი, გუნდი კარგად თამაშობდა იმ ფეხბურთელებით, რომლებსაც ამ სეზონში მცირე სათამაშო დრო აქვთ. მერე ვიფიქრე, რომ ახალი ძალები გვჭირდებოდა მოსაგებად, მაგრამ თამაში გავაუარესეთ. სამწუხაროდ, ამის ანალიზი არ მაქვს, ალბათ, ისინი არ არიან შეჩვეული შეცვლაზე თამაშს, ან როდესაც ლიდერები გამოვიდნენ, ვიფიქრეთ, რომ ადვილად მოვიგებდით”, - განაცხადა მაძარიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 23 დეკემბერს, სტუმრად „რომასთან“ ჩაატარებს. „აძური“ იტალიის თასის მერვედფინალიდან ზედიზედ მეორედ გავარდა, ოთხბურთიანი სხვაობით კი ამ ტურნირზე 1958 წლის შემდეგ პირველად წააგო.

0.114783