„ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა მადრიდის „რეალის" ნახევარმცველის, ტონი კროოსის გერმანიის ნაკრებში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.
„ეს იქნება სიგნალი ტიტანიკისგან. ტონი კროოსი არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, მაგრამ არ მგონია, მან გერმანული ფეხბურთის გადარჩენა შეძლოს“, - ციტირებს ჰიონესის სიტყვებს Marca.
მანამდე ჟურნალისტმა კრისტიან ფალკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 33 წლის ნახევარმცველი შესაძლოა, ნაკრებში დაბრუნდეს 2024 წლის ევრომდე, რომელიც გერმანიაში გაიმართება.
კროოსმა ევრო 2020-ის შემდეგ გერმანიის ნაკრებიდან წასვლის შესახებ 2021 წლის ზაფხულში განაცხადა. ეროვნულ ნაკრებში მას 106 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი.