„ნაპოლიმ“ სერია A-ში ზედიზედ ორი წაგების შემდეგ როგორც იქნა, 3 ქულა მოიპოვა, რაშიც ხვიჩა კვარაცხელიას დიდი წვლილია, რადგან გამარჯვების გოლი სწორედ მან გაიტანა.
თავიდანვე ვთქვათ, რომ ხვიჩა ძალიან აქტიური იყო, არაერთხელ ითამაშა ეფექტურად და კარგი გარჯა გოლითაც დაუფასდა. თუმცა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი იყო, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა.
ნიგერიელმა ანგარიში 69-ე წუთზე თავური დარტყმით გახსნა, როდესაც მარიო რუის ჩაწოდების შემდეგ დაარტყა ზუსტად. მარიო რუი კი ჩასაწოდებელ პოზიციაზე შესანიშნავი პასით კვარამ დატოვა, ასე რომ, ისიც მონაწილეობდა საგოლე კომბინაციაშია.
სამ წუთში სარდინიელებმა ლეონარდო პავოლეტის გოლით გაათანაბრეს, რომელმაც მცველებს დაასწრო.
თუმცა, კლაუდიო რანიერის გუნდის სიხარული ნაადრევი გამოდგა, რადგან ზუსტად სამ წუთში კვარაცხელიამ დალაშქრა სტუმართა კარი. ოსიმენმა საგოლე პასი გააკეთა, თანაც ფანტასტიკური. ნიგერიელმა რამდენიმე მცველის გარემოცვაში რამდენჯერმე აკენწლა ბურთი და ფაქტობრივად წარმოუდგენელი სიტუაციიდან დიდებული პასი გააკეთა, რის შემდგომაც ხვიჩამ ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა.
ქართველი 89-ე წუთზე შეცვალეს. ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტიც მოიპოვა.
„ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 27 ქულა დააგროვა და ამ დროისთვის მეოთხე ადგილზეა, სერია A-ში მომდევნო მატჩს კი სერია A-ში 23 დეკემბერს, სტუმრად „რომასთან“ გამართავს. თუმცა იქამდე 19 დეკემბერს, იტალიის თასზე "ფროზინონეს" უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ „აძურიმ“ სერია A-ში საკუთარ მოედანზე 27 სექტემბრის შემდეგ პირველად მოიგო.