ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა, რომელმაც ბოლო ორი მერვედფინალისტი გამოავლინა - პსჟ და „პორტუ“.
E ჯგუფი
E ჯგუფში მხოლოდ პირველი ადგილის ბედი ირკვეოდა. მადრიდის „ატლეტიკოს“ „ლაციოსთან“ ქულაც ჰყოფნიდა, მაგრამ რომაულ გუნდს ძალიან ადვილად 2:0 აჯობა. შედეგად, დიეგო სიმეონეს გუნდი პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა, „ლაციო“ მეორე პოზიციას დასჯერდა.
გლაზგოს „სელტიკმა“ როტერდამის „ფეიენოორდს“ 2:1 აჯობა და კარი გაიჯახუნა, მაგრამ 4 ქულით ბოლო ადგილს დასჯერდა, ხოლო „ფეიენოორდი“ ევროპა ლიგაზე ითამაშებს.
„ატლეტიკო“ – „ლაციო“ 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 გრიზმანი (6), 2:0 სამუელ ლინო (51)
„სელტიკი“ – „ფეიენოორდი“ 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 პალმა (33), 1:1 მინტე (82), 2:1 ლაგერბიელკე (90)
1. | ატლეტიკო | 6 | 4 | 2 | 0 | 17 | 6 | 11 | 14 |
2. | ლაციო | 6 | 3 | 1 | 2 | 7 | 7 | 0 | 10 |
3. | ფეიენოორდი | 6 | 2 | 0 | 4 | 9 | 10 | -1 | 6 |
4. | სელტიკი | 6 | 1 | 1 | 4 | 5 | 15 | -10 | 4 |
F ჯგუფი
ყველაზე საინტერესო F ჯგუფი იყო, წილისყრის მერეც და ახლაც ბოლო ტურში. „დორტმუნდი“ გასული იყო, დანარჩენი სამი გუნდი მეორე ადგილისთვის იბრძოდა. „დორტმუნდს“ პირველი ადგილისთვის ქულა მაინც სჭირდებოდა, ამიტომ „პარი სენ-ჟერმენს“ არაფერი დაუთმო. კარიმ ადეიემის გოლით მეორე ტაიმის სტარტზე გერმანელები დაწინაურდნენ, რასაც მალევე ზაირ-ემერიმ უპასუხა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
პარალელურად, „ნიუკასლი“ „მილანს“ 59-ე წუთამდე ამარცხებდა, თუმცა, მერე იტალიელებმა ორი გოლი გაიტანეს და მოიგეს. საბოლოოდ, „დორტმუნდი“ პირველ ადგილზე გავიდა, მეორე პოზიცია პსჟ-ს დარჩა, „მილანი“ ევროპა ლიგაზე გადავიდა (პსჟ-ს ურთიერთშეხვედრებში ჩამორჩა 0:3, 2:1), ხოლო „ნიუკასლს“ 5 ქულით ბოლო ადგილი ერგო. არადა, ინგლისურ გუნდს „მილანთან“ რომ მოეგო, თვითონ გავიდოდა ჯგუფიდან...
„დორტმუნდი“ – „პარი სენ-ჟერმენი“ 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 ადეიემი (51), 1:1 ზაირ-ემერი (56)
„ნიუკასლი“ – „მილანი“ 1:2 (1:0)
გოლები: 1:0 ჟოელინტონი (33), 1:1 პულიშიჩი (59), 1:2 ჩუკვუეზე (84)
1. | დორტმუნდი | 6 | 3 | 2 | 1 | 7 | 4 | 3 | 11 |
2. | პსჟ | 6 | 2 | 2 | 2 | 9 | 8 | 1 | 8 |
3. | მილანი | 6 | 2 | 2 | 2 | 5 | 8 | -3 | 8 |
4. | ნიუკასლი | 6 | 1 | 2 | 3 | 6 | 7 | -1 | 5 |
H ჯგუფი
H ჯგუფში „ბარსელონამ“ სენსაციური მარცხი განიცადა ბელგიაში „ანტვერპენთან“, რომელიც ამ ტურამდე უქულოდ იყო. ბელგიელები მეორე წუთზე დაწინაურდნენ, რასაც ტაიმის მიწურულს ესპანელებმა უპასუხეს. 56-ე წუთზე მასპინძლები ისევ წინ გავიდნენ, ხოლო 91-ე წუთზე მარკ გუიმ ანგარიში მეორედ გაათანაბრა. თითქოს, „ბარსას“ ქულა უნდა მოეპოვებინა, მაგრამ გოლს გოლითვე რამდენიმე წამში უპასუხეს ბელგიელებმა და 3:2 მოიგეს. მარცხის მიუხედავად „ბარსელონამ“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო „ანტვერპენმა“ 3 ქულით - მეოთხე.
მეორე ადგილის ბედი „დრაგაუზე“ გაირკვა, სადაც „პორტუმ“ „შახტარი“ უხვგოლიან ბრძოლაში 5:3 დაამარცხა. დონეცკელთა რიგებში გიორგი გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ირაკლი აზაროვი თადარიგში იყო. „შახტარს“ მხოლოდ მოგება სჭირდებოდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. უკრაინული გუნდი ევროპა ლიგაზე გააგრძელებს გამოსვლას.
„ანტვერპენი“ – „ბარსელონა“ 3:2 (1:1)
გოლები: 1:0 ვერმეერი (2), 1:1 ტორესი (35), 2:1 იანსენი (56), 2:2 გუი (90), 3:2 ილენიკენა (90)
„პორტუ“ – „შახტარი“ 5:3 (2:1)
გოლები: 1:0 გალენო (9), 1:1 სიკანი (29), 2:1 გალენო (43), 3:1 ტარემი (62), 3:2 ეუშტაკიო (73, ა.გ), 4:2 პეპე (76), 5:2 კონსეისაო (82), 5:3 ეგუინალდო (88)
1. | ბარსელონა | 6 | 4 | 0 | 2 | 12 | 6 | 6 | 12 |
2. | პორტუ | 6 | 4 | 0 | 2 | 15 | 8 | 7 | 12 |
3. | შახტარი | 6 | 3 | 0 | 3 | 10 | 12 | -2 | 9 |
4. | ანტვერპენი | 6 | 1 | 0 | 5 | 6 | 17 | -11 | 3 |
ბოლოს იმის თქმა შეიძლება, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ეს ბოლო დღე იყო ჯგუფური ეტაპისთვის, მომდევნო სეზონიდან ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ახალი ფორმატით ჩატარდება...