ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. სხვათა შორის, როგორც ასეთი, ჯგუფური ეტაპი ბოლოჯერ ჩატარდა ჩემპიონთა ლიგაზე, ყოველ შემთხვევაში, თუ ფორმატს თავიდან არ შეცვლიან.
მოგეხსენებათ, მომდევნო სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე 4-ით გაიზრდება მონაწილე გუნდების რაოდენობა და ისინი შვეიცარიული სისტემით იასპარეზებენ, შესაბამისად, აღარ იარსებებს ჯგუფური ეტაპი.
თითოეული გუნდი 8-8 შეხვედრას ჩაატარებს საწყის ეტაპზე (4 შინ, 4 სტუმრად). წინასწარ კალენდარი არ იქნება ცნობილი, რადგან მოგებული გუნდები მოგებულებს და წაგებულები წაგებულებს შეხვდებიან.
8 ტურის შემდეგ საერთო სატურნირო ცხრილში საწყის 8 ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ გავლენ მერვედფინალში, ხოლო დანარჩენები პლეი-ოფში ითამაშებენ და მერვედფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ. სხვათა შორის, მერვედფინალიდან ფორმატი იგივე იქნება, რაც ამჟამად არის, არანაირი ცვლილება არ არის შეტანილი.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მომდევნო სეზონში მეშვიდე და მერვე ტური იანვარში გაიმართება. მოგეხსენებათ, იანვარში ჩემპიონთა ლიგის მატჩები აქამდე არ ტარდებოდა. მოკლედ, დამდეგი სეზონიდან ბევრი სიახლე იქნება.
იქამდე კი, გაირკვა მიმდინარე სეზონის ყველა მერვედფინალისტი, სადაც პირველადგილოსნები მეორეადგილოსნებთან გაარკვევენ ურთიერთობას. წილისყრაზე ორი შეზღუდვაა: ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები და ერთი ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს ვერ შეხვდებიან.
I ადგილოსნები
ბაიერნი (გერმანია), არსენალი (ინგლისი), რეალი (ესპანეთი), სოსიედადი (ესპანეთი), ატლეტიკო (ესპანეთი), დორტმუნდი (გერმანია), მანჩესტერ სიტი (ინგლისი), ბარსელონა (ესპანეთი)
II ადგილოსნები
კოპენჰაგენი (დანია), პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები), ნაპოლი (იტალია), ინტერი (იტალია), ლაციო (იტალია), პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი), ლაიფციგი (გერმანია), პორტუ (პორტუგალია)
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 13-14 და 20-21 თებერვალს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 5-6 და 12-13 მარტს გაიმართება. რაც შეეხება წილისყრას, 18 დეკემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე ჩატარდება.