„ნაპოლის“ და ნიგერიის ნაკრების თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი აფრიკის 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ოსიმენმა აშრაფ ჰაკიმის და მოჰამედ სალაჰს აჯობა - სწორედ ისინი იყვნენ ფინალურ სამეულში. საბოლოოდ, გამარჯვება ოსიმენმა მოიპოვა და აფრიკის „ოქროს ბურთი“ მიიღო.
დაჯილდოების ცერემონია მარაკეშში გაიმართა, სადაც ოსიმენი ჩავიდა და ჯილდო თავად ჩაიბარა, მიუხედავად იმისა, რომ 24 საათში „ნაპოლის“ „ბრაგასთან“ უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს გასამართი.
„მიხარია, რომ ეს განსაკუთრებული ჯილდო მოვიგე. მადლობა გუნდს, ჩემს თანაგუნდელებს. ეს პრესტიჟული ჯილდოა. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ და მამხნევებდნენ, მადლობა ღმერთს, ასევე აფრიკული ფეხბურთის ლეგენდებს, როგორებიც ადებაიორი და კალუ არიან“, - თქვა ოსიმენმა პრიზის მიღების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი გასულ სეზონში „ნაპოლისთან“ ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა, თავად კი სერია A-ში 26 გოლი გაიტანა, სადაც საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვა.