Calciomercato-ს ჟურნალისტმა დანიელე ლონგომ ხვიჩა კვარაცხელიაზე წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია იმ მიზეზებზე, რის გამოც ქართველი ფეხბურთელი ისე ვეღარ თამაშობს, როგორც გასულ სეზონში.
ლონგოს აზრით, ეს უკავშირდება კონტრაქტის ამბავსაც, რადგან კვარაცხელია კლუბისგან მეტ დაფასებას ელოდა, აურელიო დე ლაურენტისი კი შეუვალია და არ აპირებს ჯერჯერობით, ხელფასის მომატებას.
„ნაპოლის“ სჭირდება ნამდვილი კვარაცხელია, რომელმაც გასულ სეზონში გუნდი სკუდეტომდე მიიყვანა გოლებით, საგოლე პასით და მსოფლიო კლასის თამაშით. სეზონის განვლილ ნაწილში ნანახი ვერსია კი თითქმის ამოუცნობია: ხვიჩა „იუვეს“ წინააღმდეგ მოედანზე ყველაზე ცუდი იყო. ნერვიული, არც თუ ისე კონკრეტული და არცერთ მომენტში გადამწყვეტი. მაგრამ რა იმალება ქართველის ამ გარდაქმნის უკან? პირველ რიგში, სპალეტის წასვლამ და გარსიასთან ცუდმა ურთიერთობამ იმოქმედა. თუმცა, როგორც ჩანს, კონტრაქტზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლამაც იმოქმედა.
კვარა „ნაპოლისგან“ უფრო დიდ ყურადღებას ელოდა იმ ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, რომლის კულმინაცია სკუდეტოს მოგება იყო. მისი აგენტები ცდილობდნენ კლუბის კარზე დაეკაკუნებინათ ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, მაგრამ დე ლაურენტისისგან არაფერი გამოვიდა. ერთი მხრივ, „აძურის“ პრეზიდენტი ჯერ კიდევ 4-წლიანი კონტრაქტით სარგებლობს, მეორე მხრივ ახალ კონტრაქტზე დისკუსია მხოლოდ გაზაფხულიდან სურს. სტრატეგია, რომელსაც დივიდენდები არ მოაქვს, რადგან ქართველის სტიმულირების ნაცვლად, საპირისპირო ეფექტი აქვს, რაც მას უფრო დაუცველს და ნერვიულს ხდის. ცხადია, ბევრი დროა იმისთვის, რომ სიტუაცია შეიცვალოს და სეზონი გამოსწორდეს, მაგრამ მხარეებს შორის პირველი კონტაქტი იქნება საჭირო სამომავლო გეგმებისა და განზრახვების გასარკვევად“, - წერს ლონგო.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია 1.3 მილიონი ევროთი „ნაპოლის“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.