ფეხბურთი

1:18 | 11.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნეაპოლელი ჟურნალისტი: "კვარაცხელიას ადგილას ინსინიე რომ ყოფილიყო, აპოკალიფსი მოხდებოდა"

ნეაპოლელმა ჟურნალისტმა უმბერტო კიარიელომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, საჭიროა პრობლემებზე პატიოსნად საუბარი და ამჟამად ქართველ ფეხბურთელს „ნაპოლისთვის“ პრობლემად მიიჩნევს.

„ერთი წუთით ვცადოთ, გულწრფელად ვიფიქროთ: ამ ორ თვეში კვარაცხელიას ადგილას ინსინიე რომ ყოფილიყო, გაიყვანდნენ მოედანზე, ძელზე ჩამოკიდებდნენ და ქვეშ ცეცხლს შეუნთებდნენ? მე მგონია, რომ ასე იქნებოდა.

რა შეფასებებს იმსახურებს ბოლო დროს მისი თამაში? მოდი გავიხსენოთ: „მილანთან“ 2:2-ზე გამარჯვების გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ვერ გაიტანა. „ემპოლისთან“ გოლის გაშვებამდე მას შეეძლო გატანა და ვერ გამოიყენა. მადრიდში 2:2-ზე შეეძლო გუნდი წინ გაეყვანა და არასწორი არჩევანი გააკეთა. „ინტერთან“ გათანაბრება შეეძლო, ზომერმა კარგი ბურთი აიღო, მაგრამ დარტყმა იკითხებოდა. „იუვენტუსთან“ მთელი კარი მის წინ იყო და მაღლა დაარტყა. რამდენი გადამწყვეტი გოლი ვერ გაიტანა ამ ბოლო პერიოდში?

ვფიქრობ, რომ კვარა გახდება ევროპის 5 საუკეთესო მოთამაშიდან ერთ-ერთი, მიყვარს, მისი სათამაშო მანერა ძველი ფეხბურთის გენიოსებს მაგონებს, მათ შორის ჯორჯ ბესტს, მაგრამ გულწრფელი უნდა ვიყო: თუ მოედანზე ყველაზე ცუდია, ეს ნიშნავს, რომ ცუდია და ასე იყო „ინტერსა“ და „იუვესთან“.

ეს არ არის ნამდვილი კვარა, აღარც ნამდვილი ოსიმენია. ამ ორმა ფეხბურთელმა სპალეტისთან ერთად სკუდეტო მოგვიტანა, მაგრამ ახლა მათმა გამოუყენებელმა მომენტებმა „ნაპოლი“ დააზარალა. კვარა თამაშში 6 მომენტს თუ გააფუჭებს, არავინ არაფერს ამბობს, მის ადგილას ინსინიე რომ ყოფილიყო, აპოკალიფსი მოხდებოდა. ამიტომაც, შეფასებებში არაკეთილსინდისიერი ვართ. ამიტომაც, არ არის მართალი, რომ მერეტი და ნათანი ყველა მატჩში ყველაზე ცუდად თამაშობენ, ნათანს იმაზე უკეთესი სეზონი აქვს, ვიდრე პირველ წელს კულიბალის ჰქონდა“, - თქვა კიარიელომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ოთხჯერაც საგოლე პასი მიითვალა.

0.107691