ფეხბურთი

15:08 | 9.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

Tuttonapoli: კვარაცხელიას აქვს ჩემპიონის თვისებები და ამ რთულ პერიოდს გადალახავს

ნეაპოლურმა გამოცემა Tuttonapoli-მ ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ შესახებ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ გუნდის შემადგენლობა გადაფასებულია.

თუმცა, კვარაცხელიაზე წერენ, რომ მას ჩემპიონის თვისებები აქვს და რთულ პერიოდს გადალახავს.

„რამდენია სკუდეტოს მოგებაში სპალეტის დამსახურება? ძალიან ბევრი. ამას ყოველ კვირას ვამჩნევთ. შესაძლოა, გუნდი გადაჭარბებულად შევაფასეთ, პირველ რიგში დე ლაურენტისმა, რომელმაც შარშანდელი ლამაზი თამაშის ფონზე თქვა, რომ ნებისმიერ მწვრთნელს შეეძლო ამ გუნდის გაწვრთნა. ფრაზა, რომელიც სპალეტისაც არ დავიწყებია და საპატიო მოქალაქის ცერემონიალზე აღნიშნა.

ალბათ, „ნაპოლი“ არ არის ასეთი ჩემპიონებით დაკომპლექტებული. შესანიშნავი ფეხბურთელები კი, მაგრამ არა ჩემპიონები. ცოტათი იმას ჰგავს, რაც სარის შემდეგ მოხდა, როცა გუნდი ანჩელოტისთან ერთად დაიშალა. ცალკეული ფეხბურთელებისთვის სირთულის მომენტები აშკარაა: კვარა კარგა ხანია არ იყო ისეთი, როგორიც შარშან, მაგრამ 22 წლის ფეხბურთელში ჩემპიონის თვისებები თვალსაჩინოა და ამიტომ, ეს მხოლოდ რთული პერიოდია, რომელსაც გადალახავს. სხვა სიგნალები, როგორიცაა რაჰმანი, უფრო შემაშფოთებელია. „ვერონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა ორი სეზონი ითამაშა კულიბალის და კიმის გვერდით, რითაც ალბათ მალავდა გარკვეულ დეფექტებს, რომლებიც დღეს აშკარაა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 19 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს აქტივში. „ნაპოლიმ“ ყველა ტურნირის ჩათვლით ზედიზედ მესამედ წააგო, სერია A-ში კი მეორედ და 24 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 16 დეკემბერს, „კალიარის“ უმასპინძლებს. თუმცა, იქამდე „აძური“ 12 დეკემბერს, „ბრაგას“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში შეხვდება.

0.108273