ფეხბურთი

1:58 | 9.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ზედიზედ მესამე მარცხი: "იუვენტუსი" სერია A-ში გალიდერდა

იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში "იუვენტუსმა" "ნაპოლის" 1:0 აჯობა და ვალტერ მაძარის გუნდმა ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა.

პირველ ტაიმში „ნაპოლი“ სათამაშო ინიციატივას ფლობდა, თუმცა, პირველი საგოლე მომენტი მასპინძლებმა შექმნეს. ფედერიკო კიეზას კარგი თამაშის მერე დუშან ვლაჰოვიჩს შეეძლო გატანა, მაგრამ ცუდად დაარტყა.

ამის შემდეგ შესვენებამდე ორი საგოლე მომენტი ნეაპოლელებმა შექმნეს. 28-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია ახლოს იყო გოლთან და ვალდებულიც იყო ანგარიში გაეხსნა, როცა ვიქტორ ოსიმენმა მეკარეს შეატოვა. ქართველს ხელს არავინ უშლიდა, თუმცა არაზუსტად დაარტყა. მერე იყო ჯოვანი დი ლორენცოს მომენტი, რომელსაც ვოიცეხ შჩესნიმ ახლო მანძილიდან აჯობა. ორივე მომენტში გოლი გარდაუვალი ჩანდა, თითქოს, ვერგატანა უფრო ადვილი იყო, ვიდრე გატანა, მაგრამ ტურინელები გადარჩნენ. ტაიმის ბოლოს ფედერიკო გატისთან შეკამათებისთვის, რომელსაც კვარაცხელიამ ბურთი ზურგში ესროლა, ქართველი გააფრთხილეს.

მეორე ტაიმში „იუვენტუსმა“ სწრაფად მოახერხა წინ გასვლა. 51-ე წუთზე ფედერიკო გატიმ თავური დარტყმით გაიტანა და ანგარიში გახსნა. მასიმილიანო ალეგრის გუნდს უპირატესობის შენარჩუნება ძალიან კარგად გამოსდის და საქმე გამარჯვებამდე ამჯერადაც მიიყვანა. დარჩენილ დროში ვერ ვიტყვით, რომ სტუმრებმა მასპინძლებს რეალური საფრთხე შეუქმნეს.

საბოლოოდ „იუვენტუსმა“ 1:0 მოიგო, 36 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა, ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ „ინტერი“ ამ ტურში ითამაშებს.

ხვიჩა კვარაცხელია 87-ე წუთზე შეცვალეს. მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 19 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს აქტივში.

„ნაპოლიმ“ ყველა ტურნირის ჩათვლით ზედიზედ მესამედ წააგო, სერია A-ში კი მეორედ და 24 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 16 დეკემბერს, „კალიარის“ უმასპინძლებს. თუმცა, იქამდე „აძური“ 12 დეკემბერს, „ბრაგას“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში შეხვდება.

„იუვენტუსი“ – „ნაპოლი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 გატი (51)

0.130869