ჭიდაობა

21:12 | 7.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ დათუნაშვილმა კარიერა დაასრულა

ქართველმა მოჭიდავემ, ზურაბ დათუნაშვილმა, რომელიც ბოლო დროს სერბეთის სახელით გამოდიოდა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო კარიერა დაასრულა.

ამის შესახებ 32 წლის სპორტსმენმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა:

„მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ჭიდაობისთვის მაქვს მიძღვნილი. ჩემს კარიერაში იყო არაერთი დიდი გამარჯვება და ბევრი იმედგაცრუებაც. ჯერ კიდევ 21 წლის ასაკში შევძელი ჩემს პირველ ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა და მცირე ასაკში ავისრულე ყველა სპორტსმენის მთავარი ოცნება. ტოკიოს ოლიმპიადის დასრულების შემდეგაც ჩემი მთავარი მიზანი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა იყო და მისთვის მზადების პროცესში ვიყავი. თუმცა საზოგადოების ნაწილისთვის ცნობილია, რომ გასულ ზაფხულს შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემა და დამჭირდა სასწრაფო ოპერაციაც.

სამწუხაროდ, პარიზის ოლიმპიადამდე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვეღარ ვასწრებ ფორმის აღდგენას და 32 წლის ასაკში მიწევს აქტიური სპორტსმენის კარიერა დავასრულო. თუმცა, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ჩემი ცხოვრება მთლიანად ჭიდაობასთან არის დაკავშირებული და ასე იქნება მომავალშიც. მივდივარ აქტიური სპორტიდან, თუმცა ვრჩები ჭიდაობაში და ვაპირებ, ჩემი 26 წლიანი გამოცდილება მოვახმარო ჭიდაობის განვითარებაზე ზრუნვას როგორც საქართველოსა და სერბეთში, ისე მთლიანად მსოფლიოში.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ამ ხნის განმავლობაში მგულშემატკივრობდით და ჩემთან ერთად იზიარებდით მარცხისას განცდილ სინანულსა და გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულს“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ დათუნაშვილი საქართველოს სახელით ორგზის ევროპის ჩემპიონია, ერთხელ კი ვერცხლის პრიზიორი. სერბეთის სახელით მან ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, ერთხელ ევროპის ჩემპიონატი, თითოჯერ კი ოლიმპიური თამაშებისა და ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.

0.115693