„კარლსრუეს“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა „ჰანოვერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ბუდუ ზივზივაძეზე ისაუბრა.
ქართველმა ფეხბურთელმა ბოლო ორ მატჩში, რომლებშიც ჯამში მოედანზე 40 წუთი გაატარა, 3 გოლი გაიტანა. შესაბამისად, ძირითად შემადგენლობის მოხვედრის პრეტენზია აქვს. ამ საკითხზე აიხნერმა მედიასთან ილაპარაკა.
„ფაქტია, როდესაც გუნდში გყავს ბუდუსნაირი ფეხბურთელი, რომელიც იცი, რომ მოედანზე შევა და მაშინვე მეტოქის საჯარიმოში ხიფათს შექმნის, ჩვენთვის, მწვრთნელებისთვის და გუნდისთვის უაღრესად ღირებულია. მას შეუძლია ჯოკრის როლზე მეტი შეასრულოს. დადგება მომენტი, როცა ის ძირითადში მოხვდება, მაგრამ პირველივე წუთიდანაც ისე უნდა ითამაშო, როგორც სათადარიგო სკამიდან შესვლის დროს. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ფეხბურთელს უგროვდება არგუმენტები, რათა თავიდანვე მიიღოს სათამაშო დრო“, - თქვა აიხნერმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეს“ მაისურით 14 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, „ჰანოვერთან“ შეხვედრა კი 8 დეკემბერს გაიმართება.