„სამტრედიამ“ ეროვნულ ლიგაში დარჩენისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. დიმიტარ კაპინკოვსკის გუნდმა პლეი-აუტის პირველ მატჩში შინ საგარეჯოს „გარეჯი“ 4:1 დაამარცხა.
იმერულმა გუნდმა პირველ ტაიმში მეტოქე ცალსახად დაჩაგრა. ალეკსანდრ მიშოვმა, სტრაჰინია პავიშიჩმა, ილია ახვლედიანმა და ზვიად ნაჭყებიამ „გარეჯს“ 4 უპასუხო გოლი გაუტანეს. მეორე ნახევარში სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ მეტი ვერაფერი შეძლეს.
ცხადია, 4:1 საპასუხო მატჩის წინ სოლიდურია და ძნელი სათქმელია, რა შანსი შერჩა „გარეჯს“, რომელიც ეროვნულ ლიგა 2-ს თავის დროზე 11 ქულით ლიდერობდა, მაგრამ იქ პირველი ადგილი დაკარგა, ახლა კი, პლეი-აუტშიც ურთულეს მდგომარეობაშია. საპასუხო შეხვედრა 10 დეკემბერს, საგარეჯოში გაიმართება.
დღესვე გაიმართა ეროვნული ლიგა 2-ის პლეი-აუტის მატჩი, რომელშიც „ვარკეთილი“ საკუთარ მოედანზე ხობის „კოლხეთს“ უგოლოდ დაუზავდა, შესაბამისად, ყველაფერს საპასუხო შეხვედრა გადაწყვეტს.
„სამტრედია“ – „გარეჯი“ 4:1 (4:0)
გოლები: 1:0 მიშოვი (6), 2:0 პავიშიჩი (25), 3:0 ი. ახვლედიანი (38), 4:0 ნაჭყებია (43), 4:1 ხარებაშვილი (67, პენ)