კრემონული გამოცემა Cuoregrigiorosso „კრემონეზეში“ ლუკა ლოჩოშვილის რთულ სიტუაციას გამოეხმაურა. ქართველს ახალი მწვრთნელი ჯოვანი სტროპა არ სწყალობს და ოქტომბრიდან მოყოლებული ერთხელ ათამაშა, მხოლოდ იტალიის თასზე.
„შეიძლება ლუკა ლოჩოშვილი სტროპას „კრემონეზესთვის“ ისევ გახდეს მნიშვნელოვანი რესურსი? პასუხი უცნობია. ტერნიდან დაწყებული მატჩით, მან ზედიზედ 7-ჯერ ითამაშა ძირითად შემადგენლობაში, მათ შორის, სამჯერ დავიდე ბალარდინის ხელმძღვანელობით, მაგრამ ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ ერთში ითამაშა, ისიც იტალიის თასზე „ჩიტადელასთან“. სერია B-ში მან ბოლოს „კომოასთან“ გასვლაზე ითამაშა, როდესაც წითელი ბარათი მიიღო, მაგრამ ამის მიუხედავად მისმა თანაგუნდელებმა გაიმარჯვეს. მას მერე, ლოჩოშვილს შეცვლაზეც არ უთამაშია.
სტროპამ აქამდე აჩვენა, რომ მას მკაფიო მიდგომა აქვს: თუ კარგად თამაშობ, მოედანზე ხარ, თუ შეცდომებს უშვებ - სკამზე. ეს მან დაამტკიცა პიზაში შესვენებაზე გაკეთებული ცვლილებებითაც. ამ თვალსაზრისით ლუკას კომოში წითელი ბარათი როგორც ჩანს, ძვირად დაუჯდა. გარდა ამისა, „კრემონეზეს“ დაცვა ბოლო დროს კარგად თამაშობს და რთულია ამ მომენტში რამის შეცვლა. ლოჩო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად დაფიქრდება თავის მომავალზე, რადგან საქართველოს ნაკრებს ჯერ კიდევ აქვს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი, უთამაშებლობით კი რისკავს, რომ ნაკრებში ადგილს დაკარგავს. „კრემონეზე“ ძნელად წარმოსადგენია მცველს შეელიოს, რადგან ამ პოზიციაზე დიდი არჩევანი არ აქვს. სტროპამ შეიძლება აზრი შეიცვალოს, იმის გათვალისწინებით, რომ ლუკა ერთადერთი ცენტრალური მცველია, რომელიც ცაციაა, რომა აღარაფერი ვთქვათ იმ თვისებებზე, რომლებსაც ავლენდა, როცა მოედანზე იყო. სეზონში, რომელიც ჯერ კიდევ გრძელია და ისეთ რთულ ჩემპიონატში, როგორც არის სერია B, აუცილებელია, რაც შეიძლება მეტ ფეხბურთელზე დაყრდნობა“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში „კრემონეზეს“ რიგებში ყველა ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა, თუმცა ბოლო ორ თვეში მხოლოდ ერთხელ ითამაშა.