მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ „ნაპოლისთან“ გამარჯვების (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მატეო დარმიანს სტეფან დე ვრეის ტრავმის შემდეგ პოზიცია არ შეუცვალა, რადგან ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაშობდა.
„პირველი ტაიმი კარგად დავიწყეთ, გოლიც გავიტანეთ, მაგრამ ტურამი ოდნავ თამაშგარეში იყო. რა თქმა უნდა, კარგ გუნდს ვეთამაშებოდით, რომელიც იტალიის ჩემპიონია, მაგრამ ჩემმა გუნდმა იყოჩაღა. გაგვიმართლა ხარიხის მომენტში და ზომერის სეივით.
მეორე ტაიმში, 2:0-ის შემდეგ თამაშს სრულად ვაკონტროლებდით. ნეაპოლში ასეთი გამარჯვება სასიხარულოა, მაგრამ ჯერ მხოლოდ მე-14 ტურია და სამუშაობა ბევრი გვაქვს, ვეცდებით ასე გავაგრძელოთ. მატჩის დასაწყისში დავკარგეთ დე ვრეი, ტრავმები აქვთ ბასტონის და პავარს, სკამზე მხოლოდ ბისეკი და კარლოს აუგუსტო მყავდა, რომელსაც წელიწადნახევარია ამ პოზიციაზე არ უთამაშია, მაგრამ არ მინდოდა დარმიანისთვის შემეცვალა პოზიცია, რადგან მის ზონაში კვარაცხელია მოქმედებდა, რომლისგან პრობლემები ყოველთვის მოსალოდნელია“, - თქვა ინძაგიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩი, 4 გოლი, 4 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტია. „ნაპოლი“ სერია A-ში 24 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს „რომასთან“ ერთად იყოფს, მომდევნო ტურში კი 8 დეკემბერს, „იუვენტუსს“ ესტუმრება.