ფეხბურთი

1:46 | 4.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" "ინტერთან" დამარცხდა და ლიდერთან 11-ქულიანი ჩამორჩენა აქვს

იტალიის სერია A-ს მე-14 ტურის ცენტრალურ დუელში „ნაპოლიმ“ „ინტერთან“ წააგო, რის შედეგადაც შეიძლება ითქვას, რომ საჩემპიონო ამბიცია დაკარგა.

წინ კიდევ ბევრი მატჩია, მაგრამ რთული სათქმელია, როგორ მოახერხებს ნეაპოლური გუნდი „ინტერთან“ ამ დროისთვის არსებული 11-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას (წინ არიან „იუვენტუსი“ 9 ქულით და „მილანი“ 5 ქულით). მოკლედ, საამისოდ, არც გარემოებები ჩანს და არც „ნაპოლის“ რესურსი.

ვალტერ მაძარის გუნდის მაქსიმუმი ამ სეზონში ოთხეულში მოხვედრა თუ იქნება, რომ გაისად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს. „ინტერთან“ აძურის“ ცუდად არ დაუწყია, ორი რეალური მომენტიც ჰქონდა, როცა ჯერ იან ზომერმა და მერე ხარიხამ იხსნეს მილანური გუნდი, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს ჰაკან ჩალჰანოღლუმ ეფექტური გოლით სტუმრები დააწინაურა. გოლს კამათი მოჰყვა, ნეაპოლში დარწმუნებული არიან, რომ შეტევის დასაწყისში ლაუტარო მარტინესი ჯარიმდებოდა. თუმცა გოლი ჩაითვალა.

58-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია იყო გოლთან ძალიან ახლოს, როცა მატეო დარმიანი მოატყუა და ძლიერად დაარტყა, მაგრამ ზომერი გაუვალი იყო. ამავე მომენტში პენალტს ვიქტორ ოსიმენი ითხოვდა, თუმცა ამაოდ. 4 წუთში ნიკოლო ბარელამ მეორე გაიტანა და თამაშიც აქ დასრულდა. დარჩენილი დრო მხოლოდ ფორმალობა იყო, ფორმალობა, რომელსაც წერტილი 85-ე წუთზე მარკუს ტურამმა დაუსვა. „ინტერმა“ 3:0 გაიმარჯვა და 35 ქულით სერია A-ს ლიდერობს, უახლოეს მდევარ „იუვენტუსს“ 2 ქულით უსწრებს.

„ნაპოლის“ 24 ქულა აქვს და „რომაც“ დაეწია, რომელთან ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს. ნეაპოლურ გუნდს მომდევნო მატჩიც რთული აქვს, 8 დეკემბერს, ტურინში, „იუვენტუსთან“ გასვლა.

უნდა აღინიშნოს, რომ „ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე ყველა ტურნირზე 9 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო (2 ფრე, 5 წაგება), ბოლოს 27 სექტემბერს და შინ ბოლო 6 თამაში არ მოუგია, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. სწორედ ამიტომაა, რომ ნეაპოლელთა სეზონი ცუდია, თორემ გასვლაზე კარგი შედეგები აქვს.

აქვე გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩი, 4 გოლი, 4 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტია.

„ნაპოლი“ – „ინტერი“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 ჩალჰანოღლუ (44), 0:2 ბარელა (62), 0:3 ტურამი (85)

0.137794