ფეხბურთი

21:50 | 2.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2024-ის წილისყრა: თუ საქართველო გავა, ჯგუფში მისი მეტოქეები გარკვეულია
ევროპის 2024-ის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დაკომპლექტდა

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

21 ნაკრები, რომელსაც უკვე მოპოვებული აქვს ფინალური ეტაპის საგზური და პლუს, მარტში გასამართი პლეი-ოფის მონაწილეები წილისყრამდე ოთხ კალათაში განაწილდნენ. პლეი-ოფის წევრები, მათ შორის, საქართველოს ნაკრებიც მეოთხე კალათაში იყო. თავიდანვე ვთქვათ, რომ ნაკრებები კალათებში საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაჩვენები შედეგებით განაწილდნენ.

შედეგად, უკვე ვიცით, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თუ გავა, E ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. გარდა ამისა, ცნობილია ქალაქები, სადაც ევრო 2024-ზე მოხვედრის შემთხვევაში ვილი სანიოლის გუნდი ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები თუ ევროპის ჩემპიონატზე გავა, პირველ ტურში 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთს შეხვდება. მეორე ტურში 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთს, ხოლო მესამე ტურში 26 ივნისს, გელზენკირხეში - პორტუგალიას.

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპი

A ჯგუფი

გერმანია
შოტლანდია
უნგრეთი
შვეიცარია

B ჯგუფი

ესპანეთი
ხორვატია
იტალია
ალბანეთი

C ჯგუფი

სლოვენია
დანია
სერბეთი
ინგლისი

D ჯგუფი

A ლიგის პლეი-ოფის გამარჯვებული (პოლონეთი, ესტონეთი, უელსი ან ფინეთი)
ნიდერლანდები
ავსტრია
საფრანგეთი

E ჯგუფი

ბელგია
სლოვაკეთი
რუმინეთი
B ლიგის პლეი-ოფის გამარჯვებული (ისრაელი, ისლანდია, ბოსნია ან უკრაინა)

F ჯგუფი

თურქეთი
C ლიგის პლეი-ოფის გამარჯვებული (საქართველო, ლუქსემბურგი, ყაზახეთი ან საბერძნეთი)
პორტუგალია
ჩეხეთი

თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო ნაკრები, ასევე 6 მესამეადგილოსნიდან 4 საუკეთესო მერვედფინალში გავლენ და ასპარეზობას უკვე პლეი-ოფის სისტემით, მერვედფინალური ეტაპიდან გააგრძელებენ.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი 14 ივნისს, მიუნხენში, გერმანიისა და შოტლანდიის მატჩით გაიხსნება, ხოლო ფინალი 14 ივლისს, ბერლინში, „ოლიმპიაშტადიონზე“ გაიმართება.

ევრო 2024-ის მასპინძელი სტადიონები:

ბერლინი (ოლიმპიაშტადიონი) – 74.461 ტევადობა

მიუნხენი (ალიანც არენა) – 70.076

დორტმუნდი (სიგნალ იდუნა პარკი) – 65.849

შტუტგარტი (მერსედეს ბენც არენა) – 54.906

გელზენკირხენი (აუფ არენა) – 54.740

ფრანკფურტი (ფრანკფურტ არენა) – 54.697

ჰამბურგი (ვოლკპარკშტადიონი) – 52.245

დიუსელდორფი (დიუსელდორფ არენა) – 51.031

კიოლნი (კიოლნ სთედიუმი) – 49.827

ლაიფციგი (რედ ბულ არენა) – 42.959

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალში 21 მარტს, თბილისში, ლუქსემბურგის ნაკრებს უმასპინძლებს, გამარჯვების შემთხვევაში კი, ფინალში 26 მარტს, ისევ თბილისში საბერძნეთს ან ყაზახეთს დაუპირისპირდება. სწორედ ამ ორი მატჩის მოგებით საქართველოს შეუძლია ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდეს.

0.116812