იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში „იუვენტუსმა“ „მონცა“ 2:1 დაამარცხა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
ტურინელები 91-ე წუთამდე ისე იგებდნენ, რომ მეტოქეს კარში არ დაარტყმევინეს, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე გაუშვეს. „მონცას“ ფეხბურთელმა რობერტო გალიარდინიმ გოლი ადრიენ რაბიოს წინაშე პროვოკაციულად აღნიშნა და მას დასცინა.
თუმცა, 2 წუთის შემდეგ სწორედ რაბიოს შესანიშნავი თამაშის წყალობით „იუვემ“ მეორე გოლი გაიტანა, რომელიც ფედერიკო გატის ანგარიშზეა და გამარჯვება მოიპოვა. ფრანგმა ნახევარმცველმა გალიარდინის მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელით უპასუხა პროვოკაციულ ქცევაზე:
„ყოველთვის ისწავლე თავმდაბლობა, რადგან მანამ, სანამ მსაჯი მატჩის დასასრულის ნიშნად არ დასტვენს, ყველაფერი შესაძლებელია. ეს დაიმახსოვრე“, - დაწერა რაბიომ პოსტზე, რომელზეც გალიარდინი მონიშნა და ტვინის ემოჯიც დაურთო.