მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ნაპოლისთან“ მატჩის (4:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, რთული თამაში იყო მაღალი დონის მეტოქის წინააღმდეგ.
ანჩელოტიმ ვრცლად ისაუბრა ჯუდ ბელინგემზე, რომელმაც სეზონში მორიგი, მე-15 გოლი გაიტანა.
„მძიმე და თანაბარი მატჩი იყო ხარისხიან მეტოქესთან. კარგად ვიმუშავეთ ბურთით, მაგრამ თავის დაცვა უკეთ შეგვეძლო. როდესაც ჩანდა, რომ თითქოს ენერგია აღარ გვქონდა, სწორედ მაშინ გამოვნახეთ ძალები და მოვიგეთ.
ბელინგემი საჩუქარია მთელი ფეხბურთისთვის და არა მხოლოდ მადრიდის „რეალისთვის“. ის ყოველდღე ყველას გვაოცებს. ფეხბურთის სამყარო ბედნიერია, რომ ასეთი იმიჯის და პოტენციალის ფეხბურთელი ჰყავს. მან უკეთ უნდა ისწავლოს ესპანელი, ბევრჯერ მითქვამს, რომ სრულყოფილი არავინაა და მას სჭირდება ენის გაუმჯობესება. ზიდანს ჰგავს? ძნელია ორი განსხვავებული თაობა შეადარო. ჯუდს აქვს საჯარიმოში შეჭრის უნარი, რაც ზიდანს არ ჰქონდა, ხოლო ზიზუს ჰქონდა ინდივიდუალური თვისებები, რაც დღეს ჯუდს არ აქვს. თუმცა, ბელინგემი თანამედროვე ფეხბურთელია, რომელსაც მოედანზე სხვადასხვა პოზიციების დაფარვა შეუძლია“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ „ნაპოლისთან“ გამარჯვებით ჯგუფში პირველი ადგილიც გაინაღდა.