„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „რეალთან“ მარცხი განიცადა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კარიერაში პირველად ითამაშა.
ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე უგოლო სერია, რომელიც სათავეს გასული წლის ოქტომბრიდან იღებს, ისევ ვერ შეწყვიტა.
„ნაპოლიმ“ იბრძოლა, მაგრამ უფრო მაღალმა სათამაშო კლასმა მაინც გადაწყვიტა მატჩის ბედი. ნეაპოლელები სწრაფად, მეცხრე წუთზე დაწინაურდნენ, რაშიც ხვიჩა კვარაცხელიას დიდი წვლილია. ქართველმა ჩვეულ სტილში გააკეთა პასი, რომელსაც შორეულ ძელთან ჯოვანი დი ლორენცო გამოეხმაურა და ერთი შეხებით გადაცემა ჯოვანი სიმეონეს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
თუმცა, ნეაპოლელთა უპირატესობა ორი წუთიც არ გაგრძელებულა, რადგან საპასუხო შეტევაში როდრიგომ ეფექტური გოლით გაათანაბრა. მალევე, ჯუდ ბელინგემმა მეორედ დამწუხრა ვალტერ მაძარის გუნდი - 2:1. ტაიმიც ასე დასრულდა.
მეორე ნახევარი სტუმრებმა კარგად დაიწყეს და ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ გაათანაბრა. ცოტა ხანში კვარაცხელია აღმოჩნდა კარგ პოზიციაში, დარტყმა შეეძლო, მაგრამ ცარიელი კარის მყოფი ვიქტორ ოსიმენისთვის პასის გაკეთება გადაწყვიტა, თუმცა, ფედერიკო ვალვერდემ გადაცემა ჩაჭრა. მატჩი 2:2-სკენ მიდიოდა, თუმცა 84-ე წუთზე 19 წლის ნიკოლას პასმა მერეტს შორი მანძილიდან გაუტანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე კი ხოსელუმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:2. კვარაცხელია მოედანზე 87-ე წუთამდე იყო.
ქართველ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ხუთ მატჩში მხოლოდ 1 საგოლე პასი აქვს აქტივში, უფრო შედეგიანია სერია A-ში, სადაც 12 შეხვედრაში 4 გოლით, 3 საგოლე პასით და 2 მოპოვებული პენალტით გამოირჩა.
ამავე ჯგუფში „ბრაგა“ „უნიონს“ დაუზავდა (1:1). „ნაპოლიმ“ ჯერ ვერ გაინაღდა მერვედფინალის საგზური, რადგან „ბრაგას“ 3 ქულით უსწრებს და ბოლო ტურში უნდა უმასპინძლოს, სადაც პორტუგალიელებს ორბურთიანი სხვაობით მოგება დასჭირდებათ. "რეალს" მერვედფინალის საგზური ისედაც მოპოვებული ჰქონდა და ახლა პირველი ადგილიც გაინაღდა.
„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს სერია A-ში საკუთარ მოედანზე „ინტერთან“ ჩაატარებს.
„რეალი“ – „ნაპოლი“ 4:2 (2:1)
გოლები: 0:1 სიმეონე (9), 1:1 როდრიგო (11), 2:1 ბელინგემი (22), 2:2 ანგისა (47), 3:2 პასი (84)
„ბრაგა“ – „უნიონი“ 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 გოზენსი (42), 1:1 ჯალო (51)
1. | რეალი | 5 | 5 | 0 | 0 | 13 | 5 | 8 | 15 |
2. | ნაპოლი | 5 | 2 | 1 | 2 | 8 | 9 | -1 | 7 |
3. | ბრაგა | 5 | 1 | 1 | 3 | 6 | 10 | -4 | 4 |
4. | უნიონი | 5 | 0 | 2 | 3 | 4 | 7 | -3 | 2 |