ფეხბურთი

23:58 | 29.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" ისევ ვერ მოიგო, პსვ-ს ქამბექი სევილიაში

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მეორე სათამაშო დღე შესანიშნავი მატჩებით დაიწყო. „გალათასარაიმ“ „მანჩესტერს“, „სევილიამ“ კი პსვ ეინდჰოვენს უმასპინძლა. ორივე შეხვედრა დრამატული გამოდგა და ჯამში 11 გოლი გავიდა.

„მანჩესტერს“ სტამბოლში აუცილებლად მოსაგები ჰქონდა, რადგან წინა ოთხ ტურში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა. თუმცა, ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა ამოცანა ისევ ვერ შეასრულა. არადა, ინგლისელებისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო. ალეხანდრო გარნაჩოს და ბრუნო ფერნანდეშის გოლებით ინგლისელები მე-18 წუთისთვის 2:0 დაწინაურდნენ, რასაც შესვენებამდე ჰაკიმ ზიეშმა უპასუხა, მაგრამ მეორე ტაიმის სტარტზე სკოტ მაკტომინეიმ სხვაობა ისევ გააორმაგა. თითქოს, „მანჩესტერს“ უნდა მოეგო, მაგრამ ანდრე ონანას მორიგმა შეცდომამ „გალათასარაის“ ქულა მოაპოვებინა. ზიეშმა დუბლი შეასრულა, ერთიც აკტურკოღლუმ გაიტანა. საბოლოოდ - 3:3.

„მანჩესტერი“ 4 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა, ხოლო „გალათსარაის“ 5 ქულა აქვს. ბოლო ტურში თურქები „კოპენჰაგენს“ ესტუმრებიან, „მანჩესტერი“ კი უმოტივაციო, მაგრამ „ბაიერნს“ უმასპინძლებს.

ჯგუფში ჩარჩა „სევილია“, რომელმაც შინ პსვ ეინდჰოვენთან ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და წააგო. ესპანელები სერხიო რამოსის და იუსეფ ენ-ნესირის გოლებით 2:0-ს იგებდნენ, 68-ე წუთამდე, მაგრამ მოახერხეს და მარცხი განიცადა. 2:0-ზე ლუკას ოკამპოსი გააძევეს, რიცხობრივ უმცირესობაში კი „სევილიამ“ 3 უპასუხო გოლი გაუშვა და ზედიზედ მესამედ წააგო, შესაბამისად, ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა. პსვ კი ძალიან ახლოსაა დიდი ხნის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფთან.

„გალათასარაი“ – „მანჩესტერი“ 3:3 (1:2)

გოლები: 0:1 გარნაჩო (11), 0:2 ბრუნო ფერნანდეში (18), 1:2 ზიეში (29), 1:3 მაკტომინეი (55), 2:3 ზიეში (62), 3:3 აკტურკოღლუ (71)

„სევილია“ – პსვ ეინდჰოვენი 2:3 (1:0)

გოლები: 1:0 სერხიო რამოსი (24), 2:0 ენ-ნესირი (47), 2:1 საიბარი (68), 2:2 გუდელი (81, ა.გ), 2:3 პეპი (90)

0.13678