ფეხბურთი

0:43 | 29.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვალტერ მაძარი: "პირველი მიზანია შარშანდელი სულისკვეთება და თამაში დავიბრუნოთ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ „რეალთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა და საკუთარ თავს საზღვრებს არ უწესებს.

„ჩვენი პირველი მიზანია დავიბრუნოთ ის სულისკვეთება და თამაში, რომელიც გუნდს გასულ სეზონში ახასიათებდა. ვეთამაშებით მსოფლიო კლასის გუნდს, ყველამ ვიცით, რას ნიშნავს „რეალი“ ისტორიულად. ის უნდა გავაკეთოთ, რასაც ვამზადებთ კვირის განმავლობაში და ტაქტიკურად ის იდეა მოედანზე გადავიტანოთ, რომელზეც ვმუშაობთ. ახლა მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ.

ჩემპიონთა ლიგაზე ჩემი დაბრუნება? 62 წლის ასაკში ბევრი ემოცია დამიგროვდა, თუმცა, წარსულზე არ ვფიქრობ, წინ ვიყურები და მხოლოდ ჩემს გუნდზე ვამახვილებ ყურადღებას. ხანგრძლივი კარიერა მაქვს, მაგრამ ბოლო პერიოდში ბევრს ვსწავლობდი, რათა ფეხბურთის ევოლუციას გავყოლოდი.

ოსიმენი თანდათან უმატებს, მაგრამ არ გვინდა ზედმეტად დავტვირთოთ. „ატალანტასთან“ მან 25 წუთი ითამაშა, ხვალაც ითამაშებს, მაგრამ უნდა გადავწყვიტოთ თავიდან თუ შეცვლაზე. მასთან ამაზე ვისაუბრებ.

კარლო ანჩელოტი ჩემი მეგობარია, დახვეწილი ადამიანი და შესანიშნავი მწვრთნელი, მასზე ისტორია მეტყველებს, ჩემს სიტყვებს აზრი არ აქვს. ის არის ტოპ-მწვრთნელი, რომელმაც სხვებზე მეტი ტიტული მოიგო, დიდ პატივს ვცემ. თუმცა, მოედანზე მე და ანჩელოტი არ გავდივართ, არამედ, ჩვენი გუნდები გავლენ.

ჩახუტება ფეხბურთელებთან? შევხვდი არაჩვეულებრივი ადამიანების ჯგუფს, ისინი კარგი ბიჭები არიან და როდესაც მწვრთნელი ასეთ ღირებულებებს აღმოაჩენს გასახდელში, მათთან მუშაობა სიამოვნებაა. ჩემს კარიერაში იშვიათად მინახავს ასე შეკრული გასახდელი.

გუნდს უნდა დაიბრუნოს შარშანდელი სილაღე, ჩემს თავს საზღვრებს მაშინაც არ ვუწესებდი, როცა პატარა გუნდებში ვმუშაობდი. დავიწყეთ კარგად და გვინდა ეს გზა გავაგრძელოთ. ხვალ ჩვენი ძალებით ვითამაშებთ და ვნახოთ, რის მიღწევას შევძლებთ“, - თქვა მაძარიმ.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 29 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

0.118513