საქართველოს ეროვნული ლიგის 35-ე ტური ორი მატჩით დაიწყო, რომელშიც მასპინძლებმა იმარჯვეს.
„სამგურალმა“ გორის „დილა“ ნოდარ ლომინაძის გოლით 1:0 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი ქულები დააკარგვინა. დღეს, „ტორპედო“ „შუქურას“ თუ დაამარცხებს, ბოლო ტურის წინ კონკურენტ „დილას“ 2 ქულით გაასწრებს. მოგეხსენებათ, ეს გუნდები მესამე ადგილისთვის და შესაბამისად, კონფერენს ლიგის საგზურისთვის იბრძვიან. „სამგურალმა“ 54 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზეა, თუმცა გაუჭირდება ევროზონაში შესვლა.
აუტსაიდერთა დუელში „გაგრამ“ „სამტრედია“ 4:3 დაამარცხა. იმერლები მე-18 წუთისთვის 2:0-ს იგებდნენ, მერე მასპინძლებმა ორჯერ გაიტანეს და გაათანაბრეს, თუმცა, ტაიმი მაინც „სამტრედიამ“ მოიგო - 3:2. მეორე ნახევარში „გაგრამ“ ორი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს და 4:3 გაიმარჯვა, რითაც ამ წუთისთვის პლეი-აუტის ზონას თავი დააღწია, დააგროვა რა, 35 ქულა და ქულით უსწრებს „თელავს“, რომელსაც ამ ტურში არ უთამაშია. „სამტრედია“ 33 ქულით მეცხრე ადგილზეა და გადარჩენისთვის ბრძოლა დიდი ალბათობით პლეი-აუტში მოუწევს. სხვათა შორის, „გაგრამ“ დიდი ნაბიჯი გადადგა ამ მოგებით ეროვნულ ლიგაში დარჩენისთვის, რადგან ბოლო ტურში „შუქურას“ ეთამაშება, მის კონკურენტებს უფრო რთული მეტოქეები ჰყავთ.
„სამგურალი“ – „დილა“ 1:0 (1:0)
გოლები: 1:0 ლომინაძე (28, პენ)
„გაგრა“ – „სამტრედია“ 4:3 (2:3)
გოლები: 0:1 მიშოვი (15, პენ), 0:2 ახვლედიანი (18), 1:2 მამაცაშვილი (21), 2:2 შონგა (33), 2:3 ხაიბულაევი (41), 3:3 ბურჯანაძე (62), 4:3 მუსელიანი (69, პენ)