„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ „ატალანტასთან“ გამარჯვების (2:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, პირველი ტაიმი იდეალური იყო, მეორე ნახევარში კი გუნდს გაუჭირდა, ამიტომ სამუშაო ჯერ კიდევ აქვთ.
„პირველი ტაიმი თითქმის იდეალური იყო, შესაბამისად, მეორე ტაიმში არ ველოდი, რომ გაგვიჭირდებოდა. გუნდმა თამაში კარგად დაიწყო, კომპაქტურად ვთამაშობდით, მეორე ნახევარში რაღაც მხრივ ჩავარდნა გვქონდა, ტემპიც დაეცა, ინტენსივობა დავკარგეთ და ამ თვალსაზრისით კვირის განმავლობაში მუშაობა მოგვიწევს.
ნებისმიერ შემთხვევაში, „ატალანტა“ ძლიერი გუნდია და ბერგამოში გამარჯვება ადვილი არ იყო, არც არავისთვის იქნება. ბიჭებმა თავდადებით ითამაშეს, ყურადღებით მისმენდნენ. ამ დღეებში გუნდში კარგი განწყობა ჩამოყალიბდა, ჯერ ადრეა რაიმე მინიშნებების გაკეთება, მაგრამ თავიდანვე კარგი განცდები გამიჩნდა. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონია. დეტალებზე მაქსიმალური ყურადღება უნდა გავამახვილოთ, რაც ბიჭებს ვუთხარი.
„ნაპოლის“ მწვრთნელობა არ არის საჭირო იმისთვის, რომ მივხვდე, რამდენად მნიშვნელოვანი და ძვირფასია გუნდისთვის ოსიმენი. ამ ეტაპზე მას შეზღუდული დროით შეუძლია თამაში, მაგრამ ძალიან კარგად ჩაერთო. ჩვენთვის ის ფუნდამენტური ფეხბურთელია და მან იცის, რომ გვჭირდება.
"ატალანატას" სათამაშო თვისებებიდან გამომდინარე, კვარაცხელიას ვუთხარი, რომ ფლანგზე დარჩენილიყო, რათა მეტოქის დაცვა გაგვეწელა, რადგან მის წინააღმდეგ "ატალანტა" ორმაგი მეურვეობით ითამაშებდა, შიგნით შეწევით კი უფრო პროგნოზირებადი იქნებოდა. ცოტა დრო გვქონდა სასაუბროდ, მაგრამ მეტი დრო გვექნება სხვადასხვა კოცენფციებზე სასაუბროდ. ხვიჩასთან მატჩის შემდეგ ჩახუტება? ამ ბიჭებთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, რასაც გამარჯვებაც ხელს უწყობს“, - თქვა მაძარიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში 24 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „ინტერს“ უმასპინძლებს, ხოლო მანამდე მადრიდში, ჩემპიონთა ლიგაზე „ინტერს“ ეთამაშება.