ფეხბურთი

22:24 | 22.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილი: "ასეთი ფაქტი არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ადამიანური შეცდომაა"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია „იმედს“ ინტერვიუ მისცა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ასეთი შეცდომა არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა და ახლა მთავარია ერთიანობის შენარჩუნება.

„ცხადია ძალიან დიდი და უხეში შეცდომა იყო დაშვებული, რაც სამწუხარო ფაქტია და არ უნდა ხდებოდეს. თითოეული ჩვენი გუნდის წევრი ვწუხვართ ამაზე, რადგან ხვიჩა განსაკუთრებული ფეხბურთელია და მისი არყოფნა დიდი დანაკლისია, ისევე როგორც ნებისმიერი ფეხბურთელის იქნებოდა, რადგან ყველა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. თუმცა, ფაქტი, რომელიც მოხდა, ცუდია, რომელიც ადამიანური შეცდომით იყო გამოწვეული. ამას ვერაფრით ვუშველით, მოცემულობა არის ის, რაც არის. ახლა მთავარია, აქცენტები იმაზე გავაკეთოთ, რომ ნახევარფინალისთვის მოვემზადოთ. ამ თამაშამდე მოვედით ერთად, ერთიანობით, დავიმსახურეთ თითოეულმა ჩვენგანმა, ფეხბურთის ფედერაციამ, ნაკრების ფეხბურთელებმა, გულშემატკივრებმა და ჟურნალისტებმა. ერთად შევძელით ის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს. დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ ისეთი ძლიერი გუნდი გვყავს, რომელიც შეძლებს ამ შეხვედრაში მოგებას.

ერთი მინდა ვთქვა: გასაგებია და აღვნიშნავ, რომ შეცდომა და პრობლემაა ეს. თუმცა, ჩვენ ვართ გუნდი, შესაბამისად, ერთად ვიმარჯვებთ და ერთად ვმარცხდებით. ჩვენ ძალიან რთული გზა გავიარეთ, დღეს კი მეორედ გვაქვს შანსი ერთად ავიხდინოთ ოცნება. სწორედ ეს არის პასუხისმგებლობა, ჩვენ ერთიანობით მოვედით აქამდე. ფაქტი, რაც მოხდა, ადამიანური შეცდომაა, რაც სამწუხაროა და არანაირი ახსნა არ აქვს, არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა. ამიტომ, ახლა ჩვენი ერთადერთი მიზანია ვიფიქროთ ძალიან მნიშვნელოვან თამაშზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის. შესაბამისად, გვჭირდება ერთიანობა.

ჩემი ძველი კომენტარი წინა ფედერაციის იმავე შეცდომაზე? ჩემი ეს განცხადება იყო ზოგადი ხედვა და ზოგადი მესიჯი, რაც იმ დროს ფეხბურთის მიმართულებით ხდებოდა, თუნდაც ფედერაციის მუშაობით, თუნდაც გარემო, რაც 2015 წელს ქვეყანაში იყო. დღეს კი, იმაზე ვსაუბრობთ, რა სიტუაციაც გვაქვს, რა გაკეთდა წლების განმავლობაში, ამდენი სტადიონი გაკეთდა, სად იყო იმ დროს ნაკრები? ძალიან კარგად ვიცი, რა პრობლემებიც იყო და ამის გამოძახილი იყო ჩემი ის მესიჯი. განსხვავება ძალიან დიდია, მეორედ გვაქვს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი, სად იყო მაშინ ნაკრები, სად თამაშობდნენ ჩვენი ფეხბურთელები, დღეს კი, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლეთ და ჩვენი გუნდი საუკეთესო 8 გუნდში მოხვდა, რა პირობებში ვარჯიშობს ნაკრები დღეს - განსხვავება მაშინდელთან ძალიან დიდია. უამრავი სხვა პოზიტივი და ხედვა გაგვაჩნია. ეს ყველაფერი ერთიანობით შევძელით, რაც გულშემატკივრების და მედიის დამსახურებაცაა. რა თქმა უნდა, 2015 წელს იყო ძალიან დიდი პრობლემები და ამაზე ვსაუბრობდი იმ განცხადებაში, არა ერთ კონკრეტულ შეცდომაზე. სად იყო მაშინ ფიფას რეიტინგში ჩვენი ნაკრები და სად არის დღეს? რეალობა ესაა, ძალიან მარტივად დასანახია ეს ყველაფერი, ადამიანს დანახვა თუ უნდა. უამრავი სავარჯიშო მოედნები, რომლებსაც ბავშვთა სკოლებს სრულიად უფასოდ ვაძლევთ... გასაგებია, რომ ადამიანები არიან ჩასაფრებული და მაშინ აბსოლუტურად სწორად ვწუხდი მაშინ, ყველას ვურჩევ გადახედოს, სად ვიყავით მაშინ და სად ვართ დღეს.

კლუბებს ევროთასებზე მონაწილეობის ფული არ მიუღიათ? აქაც იგივეა: არიან ადამიანები, რომლებიც ჩასაფრებულის მხრიდან ცდილობენ რაღაცნაირად პრობლემა შემოიტანონ ფედერაციას და კლუბებს შორის. იმ თანხის ძალიან დიდი ნაწილი კლუბებს უკვე მიღებული აქვთ. არის მცირე ნაწილი დარჩენილი და ზუსტად კლუბებთან ერთად შეთანხმებით, მათი დასტურით, გადაწყდა, რომ ამ თანხას დეკემბერში მიიღებენ. არანაირი პრობლემა ფედერაციას და კლუბებს შორის არ არის. მინდა ვთქვა, რომ პირიქითაც არის: ბევრ კლუბს დღემდე აქვს ფედერაციის ვალდებულებები, არათუ თვეების, არამედ წლების და ჩვენ თუ ვეკიდებით გაგებით და ვეხმარებით, იგივე სიტუაციაა აქაც. მათთან შეთანხმებით მოხდა ეს ყველაფერი, დიდი ნაწილი თანხის მიიღეს და ნაწილს მიიღებენ დეკემბერში. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ხელოვნურად შემოიტანონ ჩვენს შორის პრობლემა.

დღეს, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ერთიანობა. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის მთავარი ამოცანაა, რომ ამ ერთიანობით მივიდეთ პლეი-ოფის მატჩებამდე. მჯერა ჩვენი ფეხბურთელების და მჯერა, რომ ყველაფერს გააკეთებენ ლუქსემბურგის დასამარცხებლად და 26 მარტს ფინალში ხვიჩასთან ერთად ვითამაშებთ იმ წარმატების მისაღწევად, რაც ყველას გვსურს“, - თქვა კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო 21 მარტს ნახევარფინალში ლუქსემბურგს შეხვდება და ხვიჩა კვარაცხელია სწორედ ამ მატჩში ვერ ითამაშებს. ვილი სანიოლის გუნდი თუ მოიგებს, ფინალში 26 მარტს, საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის უმჯობესს დაუპირისპირდება.

0.121814