ძიუდო

11:25 | 11.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ესტერ სტამი ოქროს მიუახლოვდა

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ესტერ სტამი (70 კგ) ასტანას გრან პრიზე ფინალში გავიდა. გია თენაძის გუნდის ნატურალიზებულმა წევრმა სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე ადვილად მოიგო - ებრაელ ლიორ ვილდიკანს, ყაზახ დილბარ უმირალიევასა და გერმანელ სზაუნდრა დიედრიშს იპონ-იპონ გასცდა.

ფინალში სტამი ავსტრიელ ბერნადეტ გრაფს დაუპირისპირდება.

დღესვე ყაზახურ ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ამბაკო ავალიანიც (81 კგ) გავიდნენ, მაგრამ შეჯიბრება ორივემ დილის პროგრამაშივე დაასრულა.

შავდათუაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და იტალიელ ანდრეა რეგისს გაფრთხილებებით აჯობა (3:2). მეოთხედფინალში გრან პრიზე პირველ ნომრად განთესილ ებრაელს, მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერ საგი მუკის დაეჭიდა და უილეთო ძირითადი დროის შემდეგ, ოქროს დროში იუკოზე დავარდა.

რეპეშაჟის პირველსავე შეხვედრაში კი იაპონელ იუკი ნიშიამასთან ვაზარით წააგო.

ამბაკო ავალიანმა ტურნირი უზბეკი საფარბეკ მუროდოვის ძლევით გახსნა - მეტოქე პირველსავე წუთზე ვაზარზე დააგდო. მეოთხე წუთზე კი შებოჭა. მერვედფინალში ქართველი ძიუდოისტი შვედ რობინ პაცეკთან მეორე წუთზე გაშვებული ვაზარით დამარცხდა.

ვასილ მშვილდაძე

0.064419