ერევანში უელსის ნაკრების გულშემატკივრები დააკავეს. ინფორმაციას უელსის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
სომხეთში 1200-მდე უელსელი გულშემატკივარი ჩავიდა, საიდანაც 32 ადამიანი ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა მატჩის დაწყებამდე სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი არეულობის გამო.
უელსის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს სომხურ მხარესთან მუშაობა, რათა დაკავებული ფანები გათავისუფლდნენ და სამშობლოში დაბრუნდნენ.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის და უელსის მატჩი 1:1 დასრულდა. ეს შედეგი არც ერთ გუნდს აწყობდა, რადგან მასპინძლებმა შანსი დაკარგეს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის, ხოლო უელსს სატურნირო ცხრილში ხორვატიამ გადაასწრო.