იტალიის ნაკრების მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, კარგად მოემზადნენ და მომდევნო ორი მატჩისთვის მზად არიან.
„ჩვენ ვართ პროფესიონალები, რომლებმაც საკუთარი ისტორია ამ მატჩებიდან უნდა დავწეროთ. მთელ მსოფლიოში კარგი იმიჯი უნდა შევიქმნათ. კარგი გუნდი გვყავს და შესანიშნავად მოვემზადეთ, შესაბამისად, ამ მატჩებს თავდაჯერებული ვხვდებით.
ჩრდილოეთ მაკედონიაში მეტი შეგვეძლო, მაგრამ ეს გამარჯვება ჩვენს ამჟამინდელ სატურნირო მდგომარეობას დიდად ვერ შეცვლიდა. ალბათ, მეტი უნდა გაგვეკეთებინა ინგლისთან უემბლიზე, მაგრამ ძალიან ძლიერ მეტოქეს ვეთამაშეთ. საჭიროა ვიყოთ იტალია, რომელიც ჩვენი ისტორიის სიმაღლეზე იქნება. კიეზა? მას შეუძლია მეტოქის მოტყუება და გოლის გატანა, აქვს ეს უნარები და ძლიერი ხასიათით გამოირჩევა, ჩვენი ნაკრებისთვის ის ამოსავალი წერტილია“, - თქვა სპალეტიმ.
კომენტარი გააკეთა მატჩამდე ფედერიკო კიეზამაც: „გუნდში ნიჭი არის, მაგრამ ეს მოედანზე უნდა დავამტკიცოთ და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ ტყუილად ვსაუბრობთ. ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად უნდა გავიდეთ, ჩვენ იტალია ვართ“.
შეგახსენებთ, რომ იტალია ჩრდილოეთ მაკედონიას თუ დაამარცხებს, ბოლო ტურში უკრაინასთან ფრეც ეყოფა ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად, ხოლო მაკედონიელებთან ვერმოგების შემთხვევაში, უკრაინასთან აუცილებლად გამარჯვება დასჭირდება.