ვალტერ მაძარის ნეაპოლური კარიერა 10 წლისა და 6 თვის შემდეგ თავიდან დაიწყო. 62 წლის სპეციალისტმა კასტელ ვოლტურნოში პირველი ვარჯიში ჩაატარა.
იტალიელი განკარგულებაში მხოლოდ 14 ფეხბურთელი იყო, რადგან ფეხბურთელთა ნაწილი ეროვნულ ნაკრებებში არიან, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია, ხოლო ზოგიერთი ტრავმირებულია. საწვრთნელ პროცესს პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისიც დაესწრო.
მაძარი რთული ამოცანის წინაშეა, რადგან გუნდი კრიზისიდან ჰყავს გამოსაყვანი და პირველ რიგში, შედეგები უნდა გამოასწოროს. არადა, ნეაპოლელთა კალენდარი სასიკეთოს არაფერს იძლევა. მაძარის „ნაპოლიში“ დაბრუნების შემდეგ საწყისი 4 მატჩის ჩატარება 2 კვირის ინტერვალში მოუწევს სტუმრად „ატალანტასთან“, „რეალსა“ და „იუვენტუსთან“, შინ - „ინტერთან“. რასაკვირველია, ურთულესი კალენდარია, რომელშიც ნაპოლის გარანტირებული საერთოდ არაფერი ექნება.
იტალიური პრესა ვარაუდობს, რომ მაძარი ტაქტიკას შეცვლის და გუნდს 3-მცველიანი სქემით ითამაშებს. იტალიელ მწვრთნელს კარიერაში პრაქტიკულად არასდროს უთამაშია 4 მცველით, ამიტომაც, რთულად წარმოუდგენიათ, რომ ხედვას შეიცვლის, მიუხედავად იმისა, რომ „აძურის“ დღევანდელი შემადგენლობა უფრო 4-3-3-სთვისაა ფუნქციონალური.
შეგახსენებთ, რომ ვალტერ მაძარიმ რუდი გარსია შეცვალა და "ნაპოლისთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.