„უნიონ ბერლინიდან“ მთავარი მწვრთნელი ურს ფიშერი დაითხოვეს. მხარეებმა შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ მათი ურთიერთობა დასრულებულიყო.
ფიშერს ძვირად დაუჯდა სეზონის კატასტროფული სტარტი: „უნიონმა“ ბუნდესლიგის პირველ ორ ტურში მოიგო, მაგრამ მას შემდეგ ყველა ტურნირზე 14 მატჩიდან 13 წააგო (1 ფრე), შესაბამისად, ღრმა კრიზისშია.
ურს ფიშერი „უნიონს“ 2018 წლიდან ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით გერმანულმა გუნდმა არნახულ წარმატებებს მიაღწია: პირველად ითამაშა ბუნდესლიგაში, კონფერენს ლიგაზე, ევროპა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე. ფიშერმა ბუნდესლიგაში სადებიუტო სეზონში „უნიონს“ ადგილი შეანარჩუნებინა, შემდეგ თანმიმდევრობით მეშვიდე, მეხუთე და მეოთხე ადგილებზე გაიყვანა, მაგრამ მიმდინარე სეზონი გუნდმა საშინლად დაიწყო.
„უნიონ ბერლინს“ ბუნდესლიგაში ბოლო 9 მატჩი წაგებული აქვს და 6 ქულით ბოლო ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ოთხ შეხვედრაში ერთადერთი ქულა მოიპოვა.