„ნაპოლის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა დაადასტურა, რომ ზაფხულში საუდის არაბეთში გადასვლა შეეძლო.
როგორც მან თქვა, „ალ-ჰილალიდან“ ფინანსურად გიჟური შეთავაზება მიიღო, რომელზეც უარის თქმა მისთვის რთული იყო.
"რაც ითქვა სიმართლეა. გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ არასდროს მიფიქრია წასვლაზე გასულ ზაფხულს, რადგან "ნაპოლის" ჩემი შენარჩუნება სურდა, მაგრამ როცა საუდის არაბეთისგან შეთავაზება მოვიდა, უზარმაზარი შეთავაზება, რთული იყო უარის თქმა, "ნაპოლის" ვესაუბრე და დარჩენა გადავწყვიტე.
სიგიჟე იყო... რაც მეტჯერ ვუთხარი არა, მით უფრო გაზარდეს ეკონომიკური შეთავაზება. ეს ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა, ისინი არ ნებდებოდნენ, მაგრამ მე ვუთხარი: არა ბიჭებო, მე ვრჩები. რა თქმა უნდა, კარიერის ევროპაში გაგრძელება მინდა.
აგვისტოში მქონდა მოლაპარაკებები, ეს ჩემთვის რთული გადაწყვეტილება იყო. "ნაპოლის" ველაპარაკე და ერთად გადავწყვიტეთ უარი გვეთქვა. არ მინდოდა ხალხს ეფიქრა, რომ წასვლა მინდოდა. ეს იყო დადებითი გადაწყვეტილება ჩემი კარიერისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთს ფულისთვის თამაშობენ.
პრემიერლიგაში საყვარელი გუნდი არ მყავს, მაგრამ ორი გუნდის მაისური მქონდა: „ჩელსის“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“. ბევრი ჩემი მეგობარი მხარს უჭერს „ჩელსის“, ცოტა ნაკლები „მანჩესტერ იუნაიტედს“. პრემიერლიგა არის ჩემპიონატი, რომელიც აფრიკელ ფეხბურთელებს მოსწონთ“, - აღნიშნა ოსიმენმა.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიში“ 2020 წლიდან თამაშობს და კონტრაქტი 2025 წელს ეწურება, რომლის განახლებაზე ჯერჯერობით, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.