იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ჯანლუიჯი ბუფონი ფიქრობს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია.
„იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების ყოფილი მეკარე ემანუელე ჯულიანელის დაწერილი წიგნის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც იტალიელმა ჟურნალისტმა ცოტა ხნის წინ გამოსცა. წიგნი ხვიჩა კვარაცხელიაზეა, სათაურით - კვარადონა, ქართული სასწაული.
ბუფონმა სწორედ ამ წიგნის პრეზენტაციაზე ილაპარაკა ხვიჩაზე და მისი გვარიც უპრობლემოდ და უშეცდომოდ წარმოთქვა, რაც ალბათ აქამდე არც ერთ იტალიელს არ გაუკეთებია...
„კვარაცხელიამ ჩემი ყურადღება მაშინვე მიიქცია, იმის გამო, თუ რა სწრაფად და სიმარტივით მოახერხა იტალიურ ფეხბურთში დამკვიდრება. ფიზიკურად მაგონებს ლენტინის, ამ ტიპის ფეხბურთელია. ალბათ, ჯანლუიჯი უფრო სწორხაზოვანი ფეხბურთელი იყო, კვარაცხელიას კი დრიბლინგის ისეთი უნარები და სხეულის მოძრაობები აქვს, რაც მართლაც იშვიათად მინახავს.
თქვენ თქვით, რომ შეუძლია ოქროს ბურთის მოგება და ეს სიმართლეა. ცხადია, ოქროს ბურთის მოსაგებად საჭიროა „ისტორიული მომენტები“ და თუ ის ასეთ მომენტში მოხვდება, როგორც ფეხბურთელს, ყველანაირი თვისება აქვს ამ ჯილდოს მოსაგებად. მით უფრო, როცა მესის, რონალდუს და ნეიმარის ეპოქა დასრულდა, რომლებიც კანიბალები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ნეიმარს ოქროს ბურთი არასდროს მოუგია... კვარაცხელიას ნამდვილად ყველა თვისება აქვს საიმისოდ, რომ მბაპეს, ჰოლანდს და მსგავსი ტიპის ფეხბურთელებს კონკურენცია გაუწიოს“, - განაცხადა ბუფონმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ოქროს ბურთზე“ 2023 წელს მე-17 ადგილი დაიკავა.