„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში შინ „უნიონ ბერლინს“ ვერ მოუგო, რომელსაც აქამდე ბოლო 12 თამაში წაგებული ჰქონდა.
რუდი გარსიას გუნდს მიმდინარე სეზონში „სტადიო მარადონაზე“ თამაში ძალიან უჭირს, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს: ჩატარებული 7 მატჩიდან ნეაპოლში „აძურიმ“ მხოლოდ ორი მოიგო.
„ნაპოლიმ“ „მარადონაზე“ ამ სეზონში მხოლოდ „სასუოლოს“ (2:0) და „უდინეზეს“ (5:1) აჯობა. ფრეებს დასჯერდა „მილანსა“ (2:2) და „უნიონთან“ (1:1), ხოლო „ლაციოს“ (1:2), „ფიორენტინასა“ (1:3) და „რეალის“ (2:3) წინააღმდეგ დამარცხდა.
ბოლო გამარჯვება „ნაპოლიმ“ შინ სექტემბერში, „უდინეზესთან“ მოიპოვა, მას მერე ბოლო 4 საშინაო მატჩი ვერ მოიგო (2 ფრე, 2 წაგება).
აღსანიშნავია, რომ სტუმრად „ნაპოლი“ ბევრად უკეთ გამოიყურება, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ორივე საგარეო თამაში მოიგო, ხოლო სერია A-ში გასვლაზე დაუმარცხებელია - 4 მოგება, 2 ფრე.