„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „უნიონ ბერლინთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა თქვა, მეტოქეს პრობლემები აქვს, მაგრამ სუსტი გუნდი არ არის.
გარსიას განცხადებით, „ნაპოლის“ შემადგენლობა ძლიერია და კმაყოფილია მის ხელთარსებული რესურსით.
„გუნდები ყოველთვის განსხვავდებიან, რადგან მომენტები, სეზონები და ფეხბურთელები იცვლება. „ნაპოლის“ შემადგენლობა ნამდვილად ძლიერია და გუნდი ძლიერია. მას შემდეგ, რაც მოვედი, 14 მატჩი ჩავატარეთ და რასპადორი ყოველთვის მთავარი გმირი იყო. მას ბევრი თვისება აქვს, ამჟამად გოლები გააქვს, მაგრამ ასევე შეუძლია საგოლე პასების გაკეთებაც. რასპას შეუძლია სხვადასხვა პოზიციაზე თამაში, მაგალითად, ფორვარდის, შემტევი ნახევარმცველის ან გარემარბის.
ლინდსტრომი? საბედნიეროდ, მწვრთნელებს კარგად ხანია 5 შეცვლის უფლება გვაქვს და შეგვიძლია თამაშზე გავლენა ტაქტიკურად მოვახდინოთ. ფეხბურთელი, რომელიც ძირითად შემადგენლობაშია, უნდა ამტკიცებდეს, რომ გუნდის დახმარება გოლებით და საგოლე პასებით შეუძლია, ასევე დაცვის დახმარებით, რადგან ეს გვჭირდება. ვინც ამ ყველაფერს უკეთ ახერხებს, უფრო ხშირად არიან ძირითად შემადგენლობაში, ვიდრე სხვები. ამიტომ თამაშობენ უფრო მეტს მატეო პოლიტანო და ხვიჩა კვარაცხელია.
ჩემპიონთა ლიგაზე არცერთი მატჩია ადვილი. მეტოქეს არ აქვს კარგი მომენტი, მაგრამ სუსტი გუნდი არ არის, რადგან ჩემპიონთა ლიგაზეა და ტოპჩემპიონატში თამაშობს. „რეალთან“ მატჩიც მოწმობს, რომ რთულია მის წინააღმდეგ თამაში, მაგრამ თუ გუნდურად ვითამაშებთ, გავიმარჯვებთ. ხვალ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ „სტადიო მარადონაზე“ თამაში ჩვენთვის ძლიერი მხარე ისევ გახდეს. გულშემატკივრები ყოველთვის ფანტასტიკურები არიან და იმედი მაქვს, დაგვეხმარებიან გამარჯვებაში. ეს ჩვენი ერთ-ერთი მიზანია.
ოსიმენი ხვალ დაბრუნდება ნიგერიიდან, მაგრამ ჯერ თამაში არ შეუძლია. ვფიქრობ, სანაკრებო პაუზის შემდეგ მოედანზე გასასვლელად მზად იქნება. ახლა ყურადღებას იმ ფეხბურთელებზე ვამახვილებ, რომლებიც მზად არიან თამაშისთვის. ანგისა და ჟუან ჟეზუში დაბრუნდნენ, ლაზარეთი ცარიელდება და იმედი მაქვს, ცარიელი დარჩება“, - თქვა გარსიამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „უნიონ ბერლინის“ მატჩი 8 ნოემბერს, თბილისის დროით 21:45 საათზე გაიმართება.