კალათბურთი

0:47 | 6.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

კავკასიის პირველი გამარჯვება და ბათუმის პირველი მარცხი სუპერლიგაში

მიმდინარე სუპერლიგაში პირველი გამარჯვება მიპოვა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა. თავის მხრივ, ეს მატჩი პირველი მარცხი აღმოჩნდა “ბათუმისთვის”, რომელიც ამ ტურამდე 2 მოგებით იყო. შეხვედრა თბილისი არენაზე გაიმართა და ძალიან დაძაბული გამოდგა. ლიდერი 12-ჯერ შეიცვალა და ამდენჯერვე თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა. საბოლოოდ მატჩი კავკასიელებმა მოიგეს – 90:88 (სტატისტიკა).

წინა სეზონში მე-3 საპრიზო ადგილზე გასულ კავასიას მიმდინარე სუპერლიგაში 3 წაგება ჰქონდა. გუნდი ბათუმთან სათამაშოდ საბა ჯაყელმა გაიყვანა, რადგან მთავარი მწვრთნელი, ნიკა ცინცაძე 16-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ესტონეთში იმყოფებოდა. კავკასიელებმა შეხვედრა სანაქებოდ ჩაატარეს და საკმაოდ ძლიერ მეტოქეს, წაუგებელ ბათუმს სუპერლიგაში პირველი მარცხი აგემეს.

აღსანიშნავია, რომ კავასიამ 12-ქულიანი ლიდერობის დაკარგვისა და 5 ქულით ჩამორჩენის შემდეგ მაინც მოახერხა მობილიზება და გამარჯვებამდე მისვლა, რაც გრეგ ფერჰემის, ლუკა მაზიაშვილის და გუნდური თამაშის შედეგია. ფერჰემმა კავკასიას 24 ქულით, 9 მოხსნითა და 4 პასით ულიდერა, მაზიაშვილმა 21 ქულა, 5 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. 16 ქულა ნიკოლოზ გაფრინდაშვილის ანგარიშზეა. ბათუმელთაგან 20 ქულით ოთარ ბულიავა გამოირჩა, 15-15 ქულა ლუკა კალატოზიშვილისა და ვახტანგ ქადარიას ანგარიშზეა.

GBF.GE

0.115091